ახალი ამბები

ზურაბიშვილი: რუსეთი არჩევანის წინაშე დგას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმს“ განუცხადა, რომ რუსეთის მიმართ საქართველოს შემდგომი ქმედებები მოსკოვის არჩევანზე იქნება დამოკიდებული.


აფხაზეთის საქმეებში მოსკოვის ჩარევისა და ამ საკითხისადმი საქართველოს დამოკიდებულებაზე საუბრისას ზურაბიშვილმა განაცხადა, “ერთის მხრივ, ეს ჩვენ კი არა, რუსეთმა უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ ვის მხარეს იქნება. იყოს მეზობელი ქვეყანა, რომელსაც ნორმალური ურთიერთობები აქვს საქართველოსთან და შეუძლია, როგორც საქართველოს სხვა პარტნიორებს, სამშვიდობო ძალები იყოლიოს მის ტერიტორიაზე, მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკებებში გაეროს სხვადასხვა ფორმატით … თუ იყოს ამ კონფლიქტების ერთ-ერთი მონაწილე და პირდაპირ ჩაერიოს ამ კონფლიქტებში, ამასთან ერთად, ხან ერთ მხარეს დაუჭიროს მხარი და ხან მეორეს. ამ არჩევანის საფუძველზე, ჩვენ დასკვნებს გავაკეთებთ. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა ფაქტია, რომ რუსეთი ამ არჩევანის წინაშე დგას“.


ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჯერ არ მიუმართავს უცხოელი პარტნიორებისთვის თავიანთი სამშვიდობო ძალების გამოგზავნის თაობაზე, რომლებიც რუს სამშვიდობოებს ჩაანაცვლებენ. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ინტერესი რეგიონისადმი იზრდება, თუმცა “აქტიურ პოლიტიკისგან“ იგი ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.


მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო არ აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს რუსეთის იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შესაბამისი დოკუმენტაციის და საქართველოს ხელისუფლების ინფორმირების გარეშე ჩადიან, რადგანაც ეს იქნებოდა იმ პოლიტიკაში გადანაცვლება, რომელიც განსხვავებულ სიტუაციას შექმნის. “ჯერ-ჯერობით ამის გაკეთება არ გვსურს“, განაცხადა ზურაბიშვილმა, “თუმცა თუ სხვა გზა არ გვექნება, იძულებული ვიქნებით ამ ზომებს მივმართოთ ჩვენი მიზნების მისაღწევად – ეს გამორიცხული არ არის“.   

მსგავსი/Related

Back to top button