ახალი ამბები

აშშ საქართველოს სამხედრო დახმარების ახალ პროგრამას სთავაზობს







ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა დღემდე
2 ათასზე მეტი ქართველი სამხედრო გაწრთვნეს.
საქართველოს გადაწყვეტილებას ერაყში განლაგებული ქართული სამხედრო კონტინგენტის 159-დან 850-მდე გაზრდის შესახებ, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერებული შტატების გადაწყვეტილება მოჰყვა.
 
4 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა განაცხადა, რომ აშშ მიესალმება საქართველოს წვლილს კოალიციის ძალებში და დასძინა, რომ ვაშინგტონი “დამატებით მომზადებას სთავაზობს ქართულ ჯარებს“. 
 
მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები დამატებით წვრთნებს მას შემდეგ ჩაუტარებენ ქართველ ოფიცრებს, რაც აშშ-ის ევროპული სარდლობა ქართული ჯარების მომზადების დონეს შეისწავლის.
 
ბაუჩერის განცხადებით, ქართველი სამხედროები ერაყში გაეროს თანამშრომლებს დაიცავენ.
 
4 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰოოპ სხეფერთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარების ახალ, ფართომასშტაბიან პროგრამას იწყებს საქართველოში.
 
“ჩვენი აქტიური ჩართვის გამო ერაყის, ავღანეთისა და კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციებში, აშშ-მა განაცხადა, რომ დაიწყებს ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის ქართული ჯარების მომზადება დაიწყება. ახალი პროგრამის ფარგლებში, ორჯერ მეტი სამხედრო პირი გაივლის წვრთნებს წინა პროგრამასთან შედარებით“, განაცხადა სააკაშვილმა.
 
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2002-2003 წლებში “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში 64 მილიონი დოლარი გამოუყო საქართველოს.
 
“შედეგად, ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება ჩვენი არმიის ბირთვი“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
სამხედრო დახმარების პროგრამის დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. თუმცა, ცოტა ხნის წინ ქართული მედია იუწყებოდა ამერიკის მთავრობის მხრიდან 4,000 ქართველი ჯარისკაცის მომზადებისთვის 40 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის  შესაძლო დაფინანსების შესახებ.
 
“აშშ სერიოზული თანხების გამოყოფას გეგმავს ამ პროგრამისთვის. თუმცა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგანაც ამის უფლება არ მაქვს მანამ, სანამ ამერიკა თავად არ განაცხადებს ამის შესახებ. ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, სამშვიდობო ძალების შექმნის მიმართულებით ეს ძალიან სერიოზული დახმარების პროგრამა იქნება“, განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 4 ნოემბერს “სივილ ჯორჯიას“. 
 
გიორგი ბარამიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 15 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას გეგმავს ქართული არმიის სამხედრო დახმარების მიზნით, თუმცა, მისი თქმით, ეს თანხა შესაძლოა ახალი პროგრამის დაწყების შემდეგ გაიზარდოს.

მსგავსი/Related

Back to top button