ახალი ამბები

რუსულ–ქართული დებატები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში







ფოტო: ევროპის საბჭოს ვებ–გვერდი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 7 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ რუსეთს ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის წარმოებასა და სეპარატისტული რეჟიმების მხადაჭერაში დაადანაშაულა. ხოლო რუსულმა მხარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ დებატების დღის წესრიგში შეტანით, თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსალოდნელი აგრესიის წინ „საზოგადოებრივ აზრის მომზადებას ცდილობს.“ 

ერთსაათიანი დებატები, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ გახსნა, არ ისახავდა მიზნად კონკრეტული რეზოლუციის მიღებას. როგორც გიგა ბოკერიამ დებატების დაწყებამდე განაცხადა, დისკუსიის მიზანი საქართველოში არსებული კონფლიქტებისადმი საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სპეციალურად ჩავიდა სტრასბურგში დებატებში მონაწილეობის მისაღებად, რითაც კიდევ უფრო გაესვა ხაზი ამ დებატების მნიშვნელობას.
 
დებატების დროს საქართველოს დელეგაციამ იმ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც თბილისის მტკიცებით, ადასტურებს მოსკოვის ღია მხარდაჭერას აფხაზური და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმებისადმი. 
 
“რუსეთის მთავრობის ღია მხარდაჭერით სეპარატისტებს სამხრეთ ოსეთში იარაღი შეაქვთ. საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთს რუსეთის ხელისუფლება აკონტროლებს და იგი ღია იყო რუსი დაქირავებული მებრძოლებისთვის, რომლებიც რეგიონში [სამხრეთ ოსეთში] ჩამოვიდნენ“, განაცხადა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ დებატების დროს.
 
მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის მთავარ მიზანს წარმოადგენს არა კონფლიქტების მოგვარება საქართველოში, “არამედ სტატუს-ქვოს შენარჩუნება და ამ კონფლიქტების გამოყენება საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად“.
 
“რუსეთის სათათბირომ მიიღო განცხადება, რომელშიც ისინი [რუსი დეპუტატები] აშკარად განიხილავენ სამხრეთ ოსეთის რუსეთში ინტეგრაციის შესაძლებლობას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღიად დააფიქსირა, რომ მისი მთავარი მიზანი რეგიონში [სამხრეთ ოსეთში] თავისი მოქალაქეების დაცვაა. ეს კიდევ ერთი უცნაური დეტალია ამ სიტუაციაში. რუსეთმა დაჩქარებული წესით მიანიჭა მოქალაქეობა თვითგამოცხადებული რეგიონების [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის] მაცხოვრებლებს, ყველანაირი საერთაშორისო ნორმებისა და იურიდიული პროცედურების დარღვევით. ახლა, მათ ეს არგუმენტი მოჰყავთ, რომ თავიანთი მოქალაქეების დაცვა სურთ. რუსეთი ამ კონფლიქტებში შუამავლის როლში გამოდის და ამავე დროს ამბობს, რომ მის მთავარ ინტერესს თავიანთი მოქალაქეების დაცვა წარმოადგენს. რუსეთი ვერ ასრულებს ეფექტური შუამავლის როლს ამ კონფლიქტებში“, აღნიშნა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ დებატები მიზნად არ ისახავდა რუსეთის დადანაშაულებას, არამედ მისი მიზანი იყო თანამშრომლობის კონსტრუქციული გზების მოძებნა და მოსკოვის დარწმუნება, რომ უარი თქვას ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხებში.  
 
“პრობლემები არსებობს და მათი იგნორირება არ შეიძლება. ახალი ქართული დემოკრატია ვერ დაუშვებს უკონტროლო სეპარატისტული ანკლავების არსებობას, რომლებიც საერთაშორისო ტერორისტებისა და კრიმინალებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენს”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დებატების დროს.
 
მისი თქმით, 1500 კაცზე მეტი დაიღუპა და 6000 სახლზე მეტი დაიწვა “რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების კონფლიქტების ზონებში მუდმივი ყოფნის მიუხედავად”.


“გაყინული მხოლოდ კონფლიქტის მოგვარების პროცესია და არა თავად კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებითაა შესაძლებელი“, დასძინა მან. 
 
“არ შეიძლება ებრძოდე სეპარატიზმს გროზნოში [ჩეჩნეთის დედაქალაქი] და ამავე დროს მხარს უჭერდე [სეპარატიზმს] რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, საქართველოში. როდესაც რუსეთი ტერორიზმით მიყენებულ ტკივილს განიცდის ბესლანში, იგი არ უნდა ზეიმობდეს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ანალოგიური ტიპის სეპარატიზმთან აფხაზეთში. ვიცით, რომ რუსეთის განმარტებით რკინიგზის აღდგენა ჰუმანიტარული აქტი იყო, რადგანაც ვერ დატოვეს აფხაზი ხალხი იზოლაციაში. თუმცა, ყველაფერი ეს ხდება იმის ფონზე, როცა რუსეთის ხელისუფლებამ იზოლაციაში მოაქცია საქართველოს მოსახლეობა სამოქალაქო და კომერციული ტრანსპორტის ჩაკეტვით“, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
მან ასევე პროტესტი გამოხატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების გამო, რომელშიც 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში “დემოკრატიულად“ შეფასდა. 
 
“ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საჯაროდ ვკითხო რუსეთის წარმომადგენლებს: ესეც ჰუმანიტარული აქტია, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ განცხადებაში ღიად აღიარებს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესს საპრეზიდენტო არჩევნებად და ამავე პროცესს ნამდვილი დემოკრატიის აქტის შეფასეფას აძლევს, მაშინ, როცა ადგილობრივი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს [აფხაზეთიდან დევნილ ქართველ მოსახლეობა] ჩამორთმეული აქვს თავისი ფუნდამენტალური უფლებები? თუ ეს დემოკრატიის რუსული ხედვაა, მაშინ ჩვენ ყველას, ამ დარბაზში მყოფთ, სერიოზული შეშფოთების მიზეზი გვაქვს”, განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე დაგმო მოსკოვის მოწოდება, რომ შეჩერდეს ეუთო საზღვრის მონიტორინგის ოპერაცია საქართველოში. ეუთოს მისიის დამკვირვებლები 1999 წლიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე ახორციელებენ მონიტორინგს. 
 
“თუ საზღვრის ეს მონაკვეთი საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის, რატომ ეწინააღმდეგება რუსეთი იქ საერთაშორისო დამკვირვებელთა ყოფნას, რატომ რჩება უპასუხოდ ჩვენი ინიციატივა ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის თაობაზე?“, აღნიშნა მან.
 
რუსეთის დელეგაცია საპარლამენტო ასამბლეაში ეწინააღმდეგებოდა დებატების გამართვას, და დაჟინებით მოითხოვდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განხილვას ორმხრივი საპარლამენტო კომისიის ფარგლებში.
“ეს ძალიან დელიკატური საკითხია და ამგვარმა, მიტინგური სახის განხილვამ შესაძლოა მხოლოდ შეაფერხოს კომპრომისის მოძებნა“, განაცხადა რუსმა დეპუტატმა კონსტანტინე კოსაჩევმა დებატების დროს. 
 
“საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების გასაღები სახლში უნდა ეძებოს და არა სტრასბურგში, ასევე ავტონომიების ხელმძღვანელობასთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარებაში, ასევე ეთნიკური უმცირესობების და ადამიანთა უფლებების დაცვაში”, დასძინა მან.
 
დეპუტატ კოსაჩევის შეფასებით, ეს დებატები ატარებს “პოლიტიკური შოუს ხასიათს, რომელიც მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, თუ როგორ ჯაბნის ძლიერი და ტოტალიტარული რუსეთი სუსტ და დემოკრატიულ საქართველოს“.
 
მისი თქმით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები აფერხებენ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას, და აქვე დასძენს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ამ კონფლიქტების განხილვით. მისი თქმით საჭიროა იმ პოზიტიური ღონისძიებების აღნიშვნაც, რომლებსაც მოსკოვი ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში. 
 
“რუსეთი განაგრძობს გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდებას საქართველოსთვის მიუხედავად დიდი დავალიანებისა; რუსეთი დაეხმარა საქართველოს საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციაში პარიზის კლუბში; საქართველოს მთავრობამ თვითონ აღიარა რუსეთის დადებითი როლი აჭარის კონფლიქტის მოგვარების საქმეში“, განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
 
კონსტანტინე კოსაჩევმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ოფიციალური პოზიცია, რომ მოსკოვი მხარს უჭერს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიან მოგვარებას, თუმცა ამავე დროს გამოთქვა შიში, რომ საქართველომ შესაძლოა ძალისმიერ მეთოდებს მიმართოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მან აგვისტოს მოვლენები გაიხსენა ცხინვალის რეგიონში, როდესაც ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. 
 
“ვშიშობთ, რომ დებატების დღის წესრიგში შეტანით საქართველო საზოგადოებრივ აზრს ამზადებს ანალოგიური ზომების მიღების წინ – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერი მოგვარების მიზნით“, დასძინა მან.


მსგავსი/Related

Back to top button