skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით აფხაზეთის საკითხებს ირაკლი ალასანია გაუწევს კოორდინაციას

28 სექტემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს [ლეგიტიმური ხელისუფლების] თავმჯდომარის ახალი კანდიდატურა ირაკლი ალასანია დაასახელა. იგეგმება რეორგანიზაცია აფხაზეთის ხელისუფლებაში, რომელსაც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მიერ პოსტზე დამტკიცების შემდეგ ირაკლი ალასანია განახორციელებს.


“ირაკლი იქნება მთავარი სპიკერი აფხაზეთის საკითხებზე, იგი წარმართავს ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ძალოვან საქმიანობას”, აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


დღემდე ირაკლი ალასანია, რომელიც აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ლონდერ ცაავას შეცვლის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო. მანამდე იგი უშიშროების სამინისტროში მუშაობდა. 2002 წელს ალასანია “პანკისის [ანტიტერორისტული] ოპერაციის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.


იგეგმება აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს კომპაქტურ სტრუქტურად ჩამოყალიბება, რომლის ახალი ხელმძღვანელიც კოორდინაციას გაუწევს მიზანმიმართულ საქმიანობას აფხაზეთთან მიმართებაში.


“რაც უფრო მალე მოვილაპარაკებთ ჩვენ აფხაზ ძმებთან ერთიან სახელმწიფოში აფხაზეთის ფედერალური სტატუსის შესახებ, მით უკეთესი იქნება. აფხაზეთი არის, იყო და იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი”, განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, ხელოვნური “ანკლავები”, რაც აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებით შეიქმნა, აფხაზებთან დიალოგში ბარიერს არ წარმოადგენს.

Back to top button