ახალი ამბები
აფხაზეთში რკინიგზის აღდგენით მოსკოვი თბილისზე ზეწოლას ზრდის
სოხუმი-მოსკოვის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს ამწვავებს. |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილი დაიბარეს, რათა პროტესტი გამოეხატათ მოსკოვის მიერ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან რკინიგზის აღდგენის თაობაზე მიღებული “ცალმხრივი და უკანონო“ გადაწყვეტილების გამო. 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯს “საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევად“ აფასებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 სექტემბერს დაახლოვებით 200 მგზავრი გავიდა სოხუმიდან მოსკოვის მიმართულებით. რეისი ბოლო თეთრმეტი წლის მანძილზე პირველად შესრულდა. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც სოხუმში გაიმართა, რუსეთის რკინიგზის დეპარტამენტის უფროსმა გენადი ფადეევმაც მიიღო მონაწილეობა. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პირველი ნაბიჯი 2002 წლის ბოლოს გადაიდგა, როდესაც აღდგა სარკინიგზო მარშრუტი სოხუმსა და რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭს შორის.
რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზა აფხაზეთის რეგიონზე გადის, თუმცა კონფლიქტის გამო ეს მიმართულება შეჩერებული იყო. მოგვიანებით, 1996 წლის 19 იანვარს დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურებმა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ბლოკადა გამოუცხადეს და დე ფაქტო ხელისუფლებასთან ყველანაირი კავშირი და სავაჭრო ურთიერთობები შეზღუდეს.
ქართული მხარე თანახმა იყო განეახლებინა რკინიგზის მუშაობა, იმ პირობით, თუ ქართველი დევნილები აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაბრუნდებოდნენ. ამგვარად, დევნილთა გალის რაიონში დაბრუნება თბილისის მიერ რკინიგზის აღდგენის წინაპირობად იყო მიჩნეული.
მოგვიანებით, 2003 წლის 7 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სოჭში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დევნილთა დაბრუნებისა და რკინიგზის აღდგენის “სინქრონიზაციას“ ისახავდა მიზნად. ორი პრეზიდენტი ასევე შეთანხმდა ორი დამოუკიდებელი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნაზე, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებდნენ.
თუმცა, არც ერთი მათგანი აქტიურად არ მუშაობდა ამ ხნის მანძილზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში თბილისს ამ კომისიების მუშაობის შეფერხებაში დასდო ბრალი.
ამჟამად, პრობლემას წარმოადგენს 2003 წლის სოჭის შეთანხმების ინტერპრეტაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა 1996 წლის დსთ-ის შეთანხმება და 2003 წლის სოჭის შეთანხმება დაარღვია, თუმცა რუსეთი ამ ბრალდებებს უარყობს.
რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა 10 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დევნილთა დაბრუნების პროცესში წარმოქმნილი შეფერხება არ უნდა გახდეს რკინიგზის აღდგენის შემაკავებელი მიზეზი.
“მხარეები შეთანხმდნენ, რომ არ არის აუცილებელი ამ პროცესების [დევნილთა დაბრუნების და რკინიგზის აღდგენის] სინქრონიზაცია; თუ იქნება პროგრესი ერთ-ერთ რომელიმე მიმართულებით, ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ და წინ წავიდეთ“, განაცხადა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა.
ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ასევე უარყო ის ფაქტი, რომ რკინიგზის აღდგენა ცალმხრივი ნაბიჯია. “ქართულ მხარეს რამდენჯერმე ეცნობა ამის თაობაზე“, განუცხადა მან ჟურნალისტებს.
თუმცა, ხელშეკრულებების ინტერპრეტაციის თაობაზე დავა შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად სრულიად უადგილოა, რადგან რკინიგზის აღდგენას, სავარაუდოდ, რამოდენიმე წმინდა პოლიტიკური მიზეზი ქონდა.
პირველ რიგში, სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმსა და მოსკოვს შორის, აფხაზეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, პრეზიდენტობის ერთ–ერთი კანდიდატის რაულ ხაჯიმბას პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. როგორც ცნობილია, რუსეთმა ფსონი აფხაზეთის არჩევნებში სწორედ ხაჯიმბაზე გააკეთა.
ამას გარდა, როგორც მოსალოდნელია, რკინიგზის აღდგენით საგრძნობლად გაიზრდება აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონსა და რუსეთს შორის ვაჭრობა, რაც თავის მხრივ გაამყარებს სოხუმის სეპარატისტულ რეჟიმს. ამასთან, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდამ შესაძლოა საქართველოს ეკონომიკას იმაზე მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე ამას ერგნეთის ბაზრობა აკეთებდა.
10 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რკინიგზის აღდგენა მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის იქნება კარგი, მათ შორის საქართველოსა და სომხეთისთვისაც.
ოფიციალურ ერევანსა და თბილისს შორის ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა სწორედ საქართველოს, კერძოდ კი აფხაზეთის, გავლით სომხეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა იყო. თუმცა თბილისის დელიკატური უარი მოტივირებული იყო იმით, რომ რკინიგზის ამ მარშრუტის აღდგენას, რომელიც ერთადერთი უმოკლესი გზაა სომხეთ-რუსეთის დასაკავშირებლადაც, საქართველო მხოლოდ დევნილთა დაბრუნების პროცესის დაწყების შემდეგ დათანხმდებოდა.
2002 წლის ბოლოს, როდესაც სოხუმსა და სოჭს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა, თბილისმა ამ ნაბიჯს მწვავე განცხადებებით უპასუხა. თუმცა ამას სოჭსა და სოხუმს შორის საბორნე მიმოსვლის აღდგენა მოჰყვა. თბილისის მხრიდან კვლავ პროტესტი გაისმა. წელს კი უკვე მოსკოვსა და სოხუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. შეიძლება ითქვას, რომ თბილისს ამჟამად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმისთვის, რომ რუსეთის ამ ცალმხრივ ნაბიჯებზე ქმედითი ზეგავლენა მოახდინოს.