ახალი ამბები

ლევ მირონოვი ე.წ სამხრეთ ოსეთის თაობაზე კომენტარს აკეთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა ლევ მირონოვმა, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, 10 სექტემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე პოლიტიკური მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი გახდება “მხოლოდ კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციის შემდეგ“.


“ამჟამად, მხარეებს საწინააღმდეგო პოზიციები გააჩნიათ [სტატუსის თაობაზე]. თბილისს სურს სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსით შევიდეს, ხოლო ცხინვალი დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვის. პრობლემა ამ ორივე პოზიციის შეჯერებით უნდა მოგვარდეს“, განაცხადა ლევ მირონოვმა “რია ნოვოსტი“-ის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.


თუმცა, აქვე დასძინა, რომ “ცოტა რთული წარმოსადგენია სამხრეთ ოსეთისთვის ფართო ავტონომიის მინიჭება, ისეთის როგორც ჩრდილოეთ ოსეთს აქვს რუსეთის შემადგენლობაში“. “რუსეთი ფედერაციაა, მაშინ როცა საქართველო  – უნიტარული სახელმწიფოა“, განაცხადა რუსმა დიპლომატმა.


ლევ მირონოვის განცხადებით, მოსკოვი მხარს უჭერს სამხრეთ ოსურ და ქართულ მხარეებს შორის მაღალი რანგის შეხვედრის ჩატარებას.


“შეხვედრა [საქართველოს პრემიერ-მინისტრ] ზურაბ ჟვანიასა და [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს] ედუარდ კოკოითს შორის უნდა შედგეს. მათ უნდა განიხილონ საკითხი იმგვარი ქმედებების თავიდან აცილებისა, რაც დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს რეგიონში“, განაცხადა ლევ მირონოვმა.


რუსმა დიპლომატმა ასევე გააკეთა კომენტარი კონფლიქტის მოგვარების საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციების როლის გაზრდის თაობაზე. თბილისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეუთოს მანდატის გაფართოვებას მოითხოვს.

მსგავსი/Related

Back to top button