
რუსეთთან საზღვარი კვლავ ჩაკეტილია
საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კვლავ ჩაკეტილია, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში ტერორისტული აქტი მოხდა.
“საზღვარი რუსეთის მხრიდანაა ჩაკეტილი და მისი გადაკვეთა შეუძლებელია. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, კიდევ რამდენი ხანი იქნება მიმოსვლა შეწყვეტილი”, განუცხადა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა შალვა ლონდარიძემ “სივილ ჯორჯიას“ 6 სექტემბერს.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი“ 6 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დაახლოებით 320 ადამიანს არ მიეცა საშუალება გადაელახა საზღვარი ზემო ლარსისა და ქვემო ზარამაგის გამშვები პუნქტების გავლით.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც 4 სექტემბერს ტერორისტული აქტის სიხლიანი დასასრულის შემდეგ ბესლანს ესტუმრა, ბრძანება გასცა ჩრდილოეთ ოსეთის საზღვრების ჩაკეტვის თაობაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 4 სექტემბერს ეროვნული უშიშრების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მან ასევე უბრძანა საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტს გაამკაცროს კონტროლი რუსეთის საზღვარზე.