ახალი ამბები

აჭარას ორპარტიული პარლამენტი ეყოლება







ლევან ვარშალომიძეს პრეზიდენტი
აჭარის ახალ უმაღლეს საბჭოს მინისტრთა
საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე
წარუდგენს დასამტკიცებლად
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკ) წინასწარი ოფიციალური მონაცემებით  აჭარის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს პროპორციულ არჩევნებში 7%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა მონაწილე სუბიექტმა გადალახა. 


პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი პარტია “სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა“, რომელმაც 75%-იანი მხარდაჭრა მიიღო, დიდი უპირატესობით უსწრებს “ბერძენიშვილი-რესპუბლიკელებს”, რომელმაც ხმათა 9%-ი დააგროვა. წინასწარი მონაცემებით არჩევნებში მონაწილე დანარჩენი 8 სუბიექტი 7%–იან ბარიერს მიღმა რჩება.


უსკ-ოს ინფორმაციით 12-ვე საარჩევნო ოლქში “სააკაშვილი – გამარჯვებული აჭარა”-ს მაჟორიტარი კანდიდატები ლიდერობენ.


“ამ დროისათვის დათვლილია 301-ვე უბნის მონაცემი, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგი ოქმების დამუშავების შემდეგ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, განაცხადა უსკ-ს თავმჯდომარემ ირაკლი ფაღავამ 21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არჩევნების პირველადი შედეგები 21 ივნისის შუადღემდე არ გამოქვეყნდა და გაჭიანურების მიზეზებიც საკმაოდ ბუნდოვანი რჩება.


“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით, 21 ივნისის 14 საათამდე წინასწარი შედეგების დამუშავება ვერ შევძელით, რადგან შემაჯამებელი ოქმების ნაწილი დაგვიანებით მიიღო უსკ-მ”, განაცხადა ირაკლი ფაღავამ.


თუმცა არჩევნების ალტერნატიული დათვლის შედეგები, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩვნებმა” ჩაატარა უკვე 21 ივნისის დილისთვის იყო ცნობილი.


“სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით “სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარა” 65%–ით ლიდერობს, ხოლო  “ბერძენიშვილი-რესპუბლიკელებს“ ხმათა 13,62% აქვთ.


„სამართლიანმა არჩევნებმა“ ხმათა ალტერნატიული დათვლა აჭარის 301 უბნიდან 250–ზე აწარმოეს. აჭარის არჩევნებს ორგანიზაციის დაახლოებით 330 დამკვირვებელი უწევდა მონიტორინგს.


“ალტერნატიული დათვლის” მიხედვით მესამე ადგილზე 5%–ით „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ გავიდა; დემოკრატიული სიმართლის პარტიამ – 4% დააგროვა, ხოლო ლეიბორისტულმა პარტიამ დაახლოებით 1% მიიღო.  დანარჩენი სუბიექტები ერთ პროცენტიან მაჩვენებელსაც  ვერ აღწევენ.


აჭარის არჩევნებზე მისი მიმდინარეობისა და ხმის დათვლის პროცესშიც უამრავი დარღვევა დაფიქსირეს დამკვირვებლებმა, თუმცა დარღვევები არ ყოფილა ისეთი მასშტაბის, რომ მათ არჩევნების შედეგებზე სერიოზული გავლენა მოეხდინათ.


“ძირითადად პროცედურული ტიპის დარღვევები დაფიქსირდა, რომლებიც იმთავითვე უნდა ითქვას, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებენ, თუმცა ჩვენმა დამკვირვებლებმა უკვე დაწერეს საჩივრები, რომელიც უკვე გადაეცათ საუბნო და საოლქო კომისიებს. საერთო ჯამში არჩევნებმა ნორმალურად ჩაიარა”, განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ფონდ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ზაზა დარასელიამ.


საქართველოს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მტკიცებით, რომელიც არჩევნებზე დაკვირვებას აწარმოებდა, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნებზე ჩნდებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ან სხვა ოფიციალური პირები და ერეოდნენ არჩევნების პროცესში. მცდელობის მიუხედავად ერთ-ერთ უბანზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დირექტორი თინა ხიდაშელი არ შეუშვეს, რაშიც აქტიური მონაწილეობა პარლამენტარმა კობა ბექაურმაც მიიღო.


20 ივნისის არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ შეფასებას აკეთებს ევროპის საბჭოს 8 კაციანი სადამკვირვებლო მისია, რომელთა აზრით, დარღვევების მიუხედავად არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. ევროპის საბჭო 20 ივნისის არჩევნებზე საბოლოო დასკვნას ერთ თვეში გამოაქვეყნებს.


“აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წინა არჩევნებთან შედარებით პროგრესი მიღწეულია, თუმცა დაფიქსირდა უამრავი დარღვევა, გაუგებარი მიზეზებით ხდებოდა ამომრჩეველთა სიებისა და ბიულეტენების გასაიდუმლოება, ასევე მთელი საარჩევნო პერიოდი მმართველი პარტიის დომინირების პირობებში წარიმართა”, განაცხადა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორგმა 21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.


ისევე როგორც წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნების დღეც ნაციონალებისა და რესპუბლიკელების დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ასე მაგალითად, ხელვაჩაურის #10 უბანზე დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ამ ფაქტს ხელვაჩაურის პოლიციის უფროსის თანამდებობა შეეწირა.


“სამწუხაროდ პოლიცია იყო პასიური და მან ვერ შეძლო საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება”, განაცხადა აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრმა დავით ღლონტმა.


“რესპუბლიკურმა პარტიამ“ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და მას „ტოტალურად გაყალბებული“ უწოდა. “რესპუბლიკელებმა“, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობა-დემოკრატებთან“ კოალიციას ქმნიან საქართველოს პარლამენტში, აჭარის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღეს მონაწილეობა. რესპუბლიკელების ლიდერი დეპუტატი დავით ბერძენიშვილი, აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ არჩევნები მასიურად გააყალბა, რესპუბლიკელები ოპოზიციაში გადასვლას და საქართველოს პარლამენტში მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის შეწყვეტას არ გამორიცხავენ.


“საქართველოს მთავრობამ აჭარაში დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა. ჩვენ მოვიწვევთ “რესპუბლიკური პარტიის“ საბჭოს და გადავწყვეტთ, ვითანამშრომლებთ თუ არა მმართველ პარტიასთან მომავალში. არა მგონია მართებული იყოს არჩევნების გამყალბებლებთან თანამშრომლობა“, განაცხადა “რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა საქართველოს სახელმწიფო რადიოს ეთერში 21 ივნისს.


არჩევნების წინასწარი მონაცემების მიხედვით 30 კაციან აჭარის უმაღლეს საბჭოში დიდ უმრავლესობას “სააკაშვილი-გამარჯვებული აჭარას” დეპუტატები მოაგროვებენ, მათ შორის 12-ვე მაჟორიტარის მანდატიც პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის გადანაწილდება.


როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, მისი მხარდამჭერი პარტიის წარმატების შემთხვევაში აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ლევან ვარშალომიძე დაიკავებს. იგი ასლან აბაშიძის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე იყო.

მსგავსი/Related

Back to top button