
თბილისი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შინაგან ჯარებს გზავნის
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის ბრძანების საფუძველზე გორის რაიონში, ტყვიავის საგუშაგოზე, რომელიც ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს, შინაგანი ჯარების დამატებითი ძალები გაიგზავნა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურმა სვიატოსლავ ნაბდზოროვმა ტყვიავის საგუშაგოს გაუქმება მოითხოვა.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, ეს საგუშაგოები კონფლიქტის ზონაში სპეციალურად შეიქმნა, რათა არ მოხდეს კონტრაბანდული ტვირთის შემოსვლა. ამ ღონისძიებამ შედეგიც გამოიღო.
“როგორც ჩანს, ანტიკონტრაბანდული ღონისძიებების გატარებამ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაში და რუსეთში, გარკვეული ძალების შეშფოთება გამოიწვია“, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
“ნაბდზოროვი ცდილობს ამ საგუშაგოების აღებას. საქართველო ყველა ღონეს იხმარს რათა აღიკვეთოს კონტრაბანდა. თუ საჭირო იქნება ძალასაც გამოვიყენებთ, იმ შემთხვევაში, თუ საგუშაგოების ძალით გაუქმებას შეეცდებიან“, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ქართულმა პოლიციამ ცოტა ხნის წინ დამატებითი საგუშაგო გახსნა ტყვიავში, ცხინვალიდან 10 კილომეტრის დაშორებით. სოფელი იმ ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება.
ოფიციალური ინფორმაციით, ეს ნაბიჯი კონტრაბასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად. ერგნეთის ბაზრობა, რომელიც ოსეთის კონფლიქტის ზონაშია განლაგებული, კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობით არის ცნობილი.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი, უშიშროების მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაური გივი იუკურიძე და შინაგანი ჯარის სარდალი გოგი თავთუხაშვილი უკვე ჩავიდნენ ტყვიავში დამატებითითი ძალების თანხლებით.
“ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ულტიმატუმის ენაზე გვესაუბროს”, განუცხადა გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს.
უშიშროების მინისტრის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ტყვიავში შეიქმნება სპეციალური სამთავრობო ჯგუფი, რომელიც კონტრაბანდასთან ბრძოლას კოორდინაციას გაუწევს.