ახალი ამბები

ჟვანია: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მეტი ნდობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ რუსეთის ტელეკომპანია НТВ-ს ეთერში განაცხადა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ნდობის ფაქტორი გაიზარდა.


24 მაისს საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ხელმძღვანელობს, მოსკოვში ვიზიტის დროს მოლაპარაკებები გამართა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან იგორ ივანოვთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. რუსეთის პრემიერ-მინისტრთან მიხეილ ფრადკოვთან შეხვედრა 25 მაისს არის დაგეგმილი.


ზურაბ ჟვანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის ბოლო დროს გამართულმა მოლაპარაკებებმა ახალ ურთიერთობებს ჩაუყარა საფუძველი.


„ორ ქვეყანას შორის ახლა მეტი ურთიერთგაგებაა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უფრო მეტი ნდობა“, დასძინა ჟვანიამ.


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა 24 მაისს ჟვანიასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ „რუსეთს სურს სტაბილური, კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოსთან“.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები იქნა განხილული, მათ შორის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში არსებული სიტუაციაც.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ეკონომიკური საკითხებიც განიხილეს. „ქართული მხარე დაინტერესებულია რუსეთის მიერ ინვესტიციების განხორციელებაში, კერძოდ ტურიზმის სფეროში“, ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.  

Back to top button