
აჭარაში 20 ივნისის არჩევნებისთვის ემზადებიან
პრეზიდენტის რწმუნებულმა აჭარაში ლევან ვარშალომიძემ დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფაღავა და კომისიის ორი წევრი დანიშნა. კომისიის სრულად დასაკომპლექტებლად კიდევ 6 წევრის დანიშვნაა საჭირო.
“ხვალისთვის [25 მაისი] საარჩევნო კომისია სრულად იქნება დაკომპლექტებული”, აღნიშნა ვარშალომიძემ.
კანონი უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, რომელიც აჭარის დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს მიერ 21 მაისს ერთხმად იყო მიღებული, 20 ივნისს დანიშნული არჩევნების ჩატარებას ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციების მეშვეობით ითვალისწინებს.
კანონის მიხედვით, უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (უსკ) თავმჯდომარეს ნიშნავს პრეზიდენტის რწმუნებული აჭარაში, ორ წევრს – საპრეზიდენტო საბჭო და ორ-ორ წევრს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტია – “ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები”, “მემარჯვენე ოპოზიცია-მრეწველები, ახლები” და “ლეიბორისტული (შრომის)პარტია”.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია, რომლის მიმართ უსკ ანგარიშვალდებულია, 20 ივნისის არჩევნების მომზადებაში მხოლოდ სარეკომენდაციო ფუნქციით შემოიფარგლება.
24 მაისს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პლამენ ნიკოლოვი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს დიმიტრი ქიტოშვილს შეხვდა და აჭარის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ნიკოლოვის განცხადებით, ევროპის საბჭო არჩევნებზე დამკვირვებლებს გამოგზავნის, ხოლო მანამდე კი არჩევნების მომზადებასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციის საქმეში დაეხმარება საარჩევნო კომისიებს.
აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომლის დროსაც 18 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 12 მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს, მას შემდეგ დანიშნა დროებითმა საპრეზიდენტო საბჭომ, რაც 8 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა სპეციალური განკარგულებით დაითხოვა აჭარის ორპალატიანი პარლამენტი.