
სააკაშვილი: ძლიერი ეკონომიკით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას შევძლებთ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ თუ საქართველოში ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდება და გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლები შესაძლებელი გახდება დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება.
„აფხაზეთიდან დევნილები ყოველთვის მეკითხებიან, როდის დავბრუნდებით აფხაზეთში, მე კი ვპასუხობ, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი გაიზრდება; ეს კი შესაძლებელია, თუ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვაწარმოებთ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობის ჩვენსკენ მობრუნების გასაღები სწორედ ამაში დევს და არა არმიისა და ძალის გამოყენებაში. ძლიერი ეკონომიკით თავად დაინტერესდებიან და სურვილს გამოთქვამენ საქართველოში ცხოვრებაზე“, განაცხადა სააკაშვილმა 24 მაისს გადამხდელთა კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.
მისი თქმით, უნდა მოხდეს ბიზნესის განვითარება და პოზიტიური დინამიკის დაფიქსირება. „ყველამ უნდა გაიგოს, რომ მარტო მთავრობა ვერაფერს გახდება, თუ თითოეული მოქალაქე თავად არ იზრუნებს საკუთარ მომავალზე, ჩვენი მხრიდან კი მოხდება ხელშწყობა“, განაცხადა პრეზიდენტმა.