ახალი ამბები

ბიზნესმენები მზად არიან აჭარაში ინვესტიციები განახორციელონ

გავლენიან ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი 19 მაისს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვია, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მოუწოდა მათ აჭარაში ინვესტიციები განახორციელონ.


მთავრობის გასვლით სხდომას, რომელიც ბათუმში ჩატარდა, ესწრებოდნენ ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი, „კოკა-კოლას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია, კომპანია „ყაზბეგის“ პრეზიდენტი გოგი თოფაძე, „თი-ბი-სი ჯგუფის“ პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე და სხვა გავლენიანი ბიზნესმენები.


„ჩვენ აჭარაში ინვესტიციების განხორციელებისა და ბიზნესისთვის ყველა საჭირო პირობას შეგიქმნით – ეს არის ჩვენი ვალდებულება“, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ბიზნესმენებს.


„ტურისტული ბიზნესი და ტურისტული ინფრასტრუქტურა ყველაზე დიდი ბიზნესი იქნება აჭარაში“, განუცხადა ბადრი პატარკაციშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.


 

მსგავსი/Related

Back to top button