ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი მოსკოვში იმყოფება

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი რაულ ხაჯიმბა 6 მაისს მოსკოვში ჩავიდა. მის ვიზიტს წინ უძღოდა აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის გადადგომა.


რაულ ხაჯიმბას ვიზიტის მიზანი უცნობია, თუმცა როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ აცხადებს მოსკოვში აფხაზეთის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით, ვიზიტი ჯერ კიდევ აპრილში იყო შეთანხმებული და აჭარის ბოლოდროინდელ მოვლენებთან საერთო არაფერი აქვს.


6 მაისს „რია ნოვოსტისთან“ სატელეფონო საუბრისას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ გამორიცხა აჭარის მსგავსი სცენარის განმეორება აფხაზეთში.


„აფხაზეთი საქართველო არ არის; აფხაზებს აბსოლუტურად განსხვავებული მენტალიტეტი აქვთ. ქართველი პოლიტიკოსები ამ ფაქტს არ ითვალისწინებენ“, – განაცხადა შამბამ.


იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მცდელობა აფხაზეთი ისევ საქართველოს დაუბრონოს მარცხით დამთავრდება.


მოსკოვში ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აჭარასა და აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის პარალელები არ არსებობს.


მისი თქმით, აბაშიძის გადადგომა იმის ნიშანია, რომ „საქართველოს მთავრობას შეუძლია კონფლიქტების დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით მოგვარება“.


ზურაბიშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის პოზიცია, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ეფუძნება.


 

მსგავსი/Related

Back to top button