ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზის უფროსი აჭარაში დროებით კომისიას უხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 6 მაისს აჭარის მოსახლეობისადმი გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ შეიქმნა სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელიც აჭარის ავტონომიას უხელმძღვანელებს, სანამ რეგიონში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.


პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმშია და იქ კიდევ სამ დღეს დარჩება, რათა პირადად გააკონტროლოს დროებითი კომისიის მუშაობა.


„რამდენიმე დღის განმავლობაში მე თვითონ ვუხელმძღვანელებ კომისიას, ხოლო შემდეგ მას სათავეში ჩაუდგება „საქართველოს რკინიგზის“ უფროსი ლევან ვარშალომიძე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.


„იგი [ვარშალომიძე] ახალგაზრდაა, თუმცა პროფესიონალია ეკონომიკურ საკითხებში, ეს სწორედ ისაა, რაც აჭარას სჭირდება ახლა“, – დასძინა სააკაშვილმა.


31 წლის ლევან ვარშალომიძე წარმოშობით აჭარიდაა. იგი იანვარში დაინიშნა საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის თავმჯდომარედ. დანიშვნამდე ვარშალომიძე, ფინანსთა მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან ერთად, იურიდიულ და საფინანსო საკონსულტაციო ფირმას ხელმძღვანელობდა. 


საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების განცხადებით, ადგილობრივი არჩევნები აჭარაში ივნისში ჩატარდება.


 

მსგავსი/Related

Back to top button