ახალი ამბები

აშშ-მა საქართველო ათასწლეულის დახმარების პროგრამაში შეიყვანა

პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 7 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო ათასწლეულის დახმარების  პროგრამაში ჩართო. 


„ამას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს [აპრილის ბოლოს] საქართველოს დელეგაციამ დააყენა ეს საკითხი განსახილველად“, – განაცხადა ჟვანიამ.


მისი თქმით, საერთო ჯამში 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას ეკონომიკური დახმარების პროგრამაში.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დახმარებას ის განვითარებადი ქვეყნები მიიღებენ, რომლებიც მზად არიან ებრძოლონ კორუფციას, დაიცვან ადამიანთა უფლებები და კანონის უზენაესობა.


პროგრამის გრანტები ენიჭებათ მთავრობებს, არა-სამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო კომპანიებს, რომლებიც გამოყენებულ იქნება მმართველობის გასაუმჯობესებლად, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისა და ანტი-კორუფციული ღონისძიებიებისთვის, ასევე კერძო და სამეწარმეო სექტორის განვითარებისთვის, სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების ზრდისა და ჯანმრთელობისა და განათლების ხელშეწყობისათვის.   

მსგავსი/Related

Back to top button