ახალი ამბები

რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი თავის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს 6 მაისს მოსკოვში შეხვდა. მინისტრები მიესალმნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებულ ტენდენციას.


„ორ ქვეყანას შორის არსებული ახალი ატმოსფეროს გათვალისწინებით ჩვენ კმაყოფილება გამოვთქვით ჩვენს ურთიერთობებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნების და  ამავე დროს საქართველოს ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს რუსეთში წინ უძღოდა 6 მაისს აჭარის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის გამგზავრება მოსკოვში, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებისა და მასობრივი საპროტესტო აქციის ზეწოლის შედეგად გადადგა.


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა იგორ ივანოვმა აბაშიძის გადადგომამდე აჭარის ყოფილ ლიდერთან მოლაპარაკებები გამართა. საქართველო მიესალმა რუსეთის როლს აჭარის კრიზისის მოგვარებაში.


„ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას აჭარაში წესრიგის  აღდგენის თაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ აბაშიძის მხარდამჭერების დევნასა და რეპრესიებს ადგილი არ ექნებოდა და აჭარა ავტონომიის სტატუს შეინარჩუნებდა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.


მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში აჭარაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდებოდა.


საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის კრიზისის დასასრულს „საქართველოს გაერთიანების დასაწყისი უწოდა“, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ აჭარას და აფხაზეთისა და  სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს შორის პარალელები არ არსებობს.


მისი თქმით, აბაშიძის გადადგომა იმის ნიშანია, რომ „საქართველოს მთავრობას შეუძლია კონფლიქტების დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით მოგვარება“.   
 


 

მსგავსი/Related

Back to top button