ახალი ამბები

თბილისი აბაშიძეს ძალაუფლების დატოვების სანაცვლოდ უსაფრთხოებას პირდება







ცენტრალური ხელისუფლება აბაშიძეს ხელშეუხებლობას
პირდება თუ ის ძალაუფლებას დათმობს
ცდილობს რა საქართველოს ხელისუფლება აჭარის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვაროს, აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს სთავაზობს ხელისუფლების დატოვებას, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების გარანტიებს პირდება. პოლიტიკურ მიმომხილველთა თქმით, ამგვარი წინადადება მოსალოდნელი იყო, რადგანაც სააკაშვილის მთავრობისთვის კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარება დიდ რისკთან არის დაკავშირებული.

მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა -დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის გარემოცვის ერთ-ერთი გავლენიან ფიგურას წარმოადგენს, განაცხადა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მზად არის აბაშიძის უსაფრთხოება უზრუნველყოს, თუ იგი ხელისუფლებიდან წავა. 

„ჩვენ მზად ვართ აბაშიძის უსაფრთხოება ვუზრუნველვყოთ, თუ იგი ნებაყოფლობით დატოვებს თავის პოსტს და წავა პოლიტიკიდან. მართალია, სამართლებრივი და კანონიერების კუთხით ეს არასწორია [ცენტრალური ხელისუფლება აბაშიძეს „კრიმინალს“ უწოდებს], მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამგვარ პოლიტიკურ კომპრომისზე წავიდეთ, რათა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარდეს,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „მზის“ ეთერში 29 აპრილს.
 
მისი განცხადებით, ამგვარი გარიგება აბაშიძის ახლო გარემოცვასაც შეეხება. „ამის შესახებ მესიჯები აბაშიძეს უკვე გაეგზავნა,“ – დასძინა მან. თუმცა, აჭარის ლიდერის რეაქცია ამასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია.
 
პოლიტიკურ მიმომხილველთა თქმით, კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას სააკაშვილის მთავრობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგანაც სისხლისღვრა აჭარაში დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის პრეზიდენტს და მის მთავრობას.
 
„აბაშიძე ამ დაპირისპირებაში, რომელიც ჩიხშია შესული, დამარცხებისთვისაა განწირული, რადგანაც ცენტრალურ ხელისუფლებას ყველა საჭირო რესურსი აქვს რეგიონში კონტროლის დასამყარებლად. თუმცა, აქ ისმის კითხვა, რა იქნება [ცენტრალური ხელისუფლების] ამ გამარჯვების ფასი? თუ მოხდება სისხლისღვრა, ეს იქნება დიდი   დარტყმა სააკაშვილისთვის,“ – განუცხადა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ია ანთაძემ „სივილ ჯორჯიას“.  
 
მეორეს მხრივ, კრიზისის ძალისმიერ მოგვარებას უკიდურესად ნეგატიური გავლენა ექნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაზე.
 
„აფხაზებისა და ოსების ნდობის ხარისხი საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ მაშინვე მნიშვნელოვნად დაეცემა, როგორც კი სააკაშვილი ძალას გამოიყენებს აჭარაში, რაც ამ კონფლიქტების მოგვარების საქმეს კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივად აქცევს“, – განაცხადა ია ანთაძემ.
 
„ამგვარი გარიგება უსაფრთხოების თაობაზე ძალაუფლების სანაცვლოდ მოსალოდნელი იყო, რადგანაც თბილისი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ ისწრაფვის. თუ ცენტრალური ხელისუფლება წარმატებას მიაღწევს ამ საქმეში, ეს სააკაშვილის მთავრობის უდიდესი წარმატება იქნება, რომელიც ამჟამად დიდი გამოცდის წინაშე დგას“, – დასძინა მან.
 
თუმცა, სამშვიდობო გარიგებებთან ერთად, თბილისი ასევე სამხედრო ძალის დემონსრირებასაც ახდენს, რაც 30 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ფოთში დაგეგმილ ფართომასშტაბიან წვრთნებში გამოიხატება.
 
აღსანიშნავია, რომ 28 აპრილს აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდა უარი თქვას მუქარასა და სამხედრო რიტორიკაზე და არსებული დაძაბულობა მოლაპარაკების გზით მოაგვაროს. „ჩვენ უნდა დავსხდეთ  მრგვალ მაგიდასთან და საკითხი დიალოგის გზით მოვაგვაროთ”, – განაცხადა ასლან აბაშიძემ 28 აპრილს აჭარის ტელევიზით გამოსვლისას.

მსგავსი/Related

Back to top button