ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩიეს

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეები 27 აპრილს კომიტეტების წევრებმა აირჩიეს. მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების“ წარმომადგენლებმა მოადგილის თანამდებობების უმეტესობა დაიკავეს. საპარლამენტო კომიტეტის თითოეულ თავმჯდომარეს ორი მოადგილე ჰყავს.


სალომე სამადაშვილი და კახა შენგელია საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს; ნოდარ გრიგალაშვილი მმართველი პარტიიდან და მზია თორთლაძე (ბადრი პატარკაციშვილის და) „მემარჯვენე ოპოზიციიდან“ – განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი; დამოუკიდებელი დეპუტატი ვალერი გელბახიანი და ზურაბ შხვაცაბაია – სოფლის მეურნეობის კომიტეტი; მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჯანი კალანდაძე და ვანო ხუხუნეიშვილი –  რეგიონალურ საკითხთა კომიტეტი; ლადო პაპავა მმართველი პარტიიდან და დამოუკიდებელი დეპუტატი ზურაბ ბუცხრიკიძე – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი; დავით საგანელიძე „მემარჯვენე ოპოზიციიდან“ და გიორგი გეგელაშვილი მმართველი პარტიიდან – ჯანდაცვის კომიტეტი; აკაკი გოგოხიძე და დავით თოდრაძე მმართველი პარტიიდან – საპროცედურო საკითხთა კომიტეტი; მარიკა ვერულაშვილი და ნიკა ჩუბინიშვილი (პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი ჩუბინიშვილის ძმა) – ევროპაში ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტი.


ადამიანთა უფლებების, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების და გარემოს დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეთა თანამდებობეი ჯერ კიდევ ვაკანტურია. სავარაუდოდ, ადამიანთა უფლებების დამცველი თავისუფლების ინსტიტუტიდან გიგა ბოკერია დაიკავებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.      

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button