ახალი ამბები

სააკაშვილი აჭარაში რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნების ჩატარების საკითხს აყენებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჭარის რეგიონში ძალის გამოყენებას არ აპირებს და აცხადებს, რომ აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების შესახებ არამართებულია.


“სისულელეა ასალნ აბაშიძის მიერ გავრცელებული ხმები, თითქოს რეგიონში სამხედრო ტექნიკით შეჭრას ვგეგმავთ. ასლან აბაშიძეს თავად აჭარლები მიხედავენ და ამ პრობლემას თავად ისინი გადაწყვეტენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 25 აპრილს.


პრეზიდენტი არ გამორიცხავს აჭარაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და აცხადებს, რომ ამ საკითხზე ცენტრალური ხელისუფლება იმსჯელებს.


“ამის კანონიერი უფლება ქვეყნის  კონსტიტუციით გაგვაჩნია. თუ აჭარის ხელისუფლება რეგიონში შექმნილი დაძაბული სიტუაციის ესკალაციას მოახდენს, აჭარაში რიგგარეშე ადგილობრივი არჩევნები აუცილებლად ჩატარდება და ახალ ხელმძღვანელობას აჭარლები თავად აირჩევენ“ – დასძინა პრეზიდენტმა.


პრეზიდენტი აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს არ დაემორჩილონ ასლან აბაშიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ჰპირდება, რომ უმოკლეს დროში გამოსცემს შესაბამის განკარგულებას, რომლითაც აჭარაში 24 აპრილს გამოცხადებულ კომენდანტის საათს და საგანგებო მდგომარეობას გააუქმებს.

მსგავსი/Related

Back to top button