skip to content
ახალი ამბები

აჭარაში საგანგებო მდგომარეობა მესამედ გამოცხადდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს აჭარის უზენაესმა საბჭომ და სენატმა ერთობლივ სხდომაზე მიიღეს.


“არსებობს ინფორმაცია, რომ ცენტრალური ხელისუფლება ამზადებს შეიარაღებულ დაჯგუფებას აჭარაში შემოსაყვანად, რიგდება იარაღი, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამის გამო ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და კომენდანტის საათს, რათა დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა და შევინარჩუნოთ სტაბილურობა”, – განაცხადა დღეს ბათუმში გამართულ სხდომაზე სენატის თავმჯდომარემ ანთაზ ქიქავამ.


მისი თქმით, კომენდანტის საათს აჭარაში ყველა მცხოვრები უნდა დაემორჩილოს. “საგანგებო მდომარეობა და კომენდანტის საათი იქამდე გაგრძელდება, სანამ არ დამყარდება ქვეყანაში სტაბილურობა”, –  დასძინა ანთაზ ქიქავამ.


აჭარის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მესამედ გამოცხადდა. მანამდე აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ 2003 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა, რომელიც შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს 2004 წლის 3 იანვარს გააუქმა. მეორედ კი საგანგებო მდგომარეობა მარტის დასაწყისში გამოცხადდა და საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს – 27 მარტს ისევ გაუქმდა. 


 

Back to top button