ახალი ამბები

25-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილი თბილისში იქნება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 21 აპრილს გამოსცა ბრძანებულება 25-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილის შეცვლის შესახებ. 


„25-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილად განისაზღვრა თბილისი. მის შემადგენლობაში შევლენ ის ოფიცრები და ჯარისკაცები, რომელთაც უარი განაცხადეს დამორჩილებოდნენ ბრიგადის ყოფილი მეთაურის ბრძანებებს. მის შემადგენლობაში შევლენ ასევე ახალწვეულებიც“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 21 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.


„25-ე ბრიგადის თბილისში დისლოცირებულ სამხედროებს მაღალი ხელფასები ექნებათ, თუმცა  ცოტა ნაკლები ვიდრე „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით“ მომზადებულ ჯარისკაცებს აქვთ“, – დასძინა გელა ბეჟუაშვილმა. „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით“ მომზადებული ჯარისკაცების ხელფასები 200 აშშ დოლარს შეადგენს.


თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, 25-ე ბრიგადის დაახლოებით 40-ე ოფიცერმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა ყოფილი მეთაურის რომან დუმბაძის ბრაძანებებს, რომელიც თავის მხრივ ცენტრალურ ხელისუფლებას აღარ ემორჩილება.


დუმბაძის დაპატიმრების სანქცია სასამართლომ უკვე გასცა. მას ღალატში ედება ბრალი.

მსგავსი/Related

Back to top button