ახალი ამბები

გაერო უარყოფს შევარდნაძისთვის მრჩევლის თანამდებობის შეთავაზებას

გაეროს გენერალური მდივნის პრეს-მდივანმა ფრედ ეკჰარდმა 19 აპრილს ნიუ-იორკში გამართულ ბრიფინგზე უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის თანამდებობა შესთავაზეს.

„ვფიქრობ, ეს არასწორი ინფორმირების შედეგი იყო“, – განუცხადა ფრედ ეკჰარდმა ჟურნალისტებს.


ინფორმაცია ამის თაობაზე მას შემდეგ გავრცელდა, რაც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე კულ ჩანდრა გაუტამი, რომელიც ამავე დროს გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეა, 16 აპრილს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა თბილისში. შეხვედრის ფრაგმენტი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადაიცა.


შევარდნაძემ მადლობა გადაუხადა გაეროს წარმომადგენელს თანამდებობის შეთავაზებისთვის და განაცხადა, რომ იგი მზად არის დახმარების გაწევისთვის, “როგორც სიტყვიერი, ასევე წერილობითი ფორმით.”

„ყველაფერი იმის შედეგია, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის დირექტორის მოადგილე კულ ჩანდრა გაუტამი თბილისში ვიზიტის დროს შევარდნაძეს შეხვდა. ამას გენერალურ მდივანთან, ან მისთვის რაიმე დახმარების აღმოჩენასთან საერთო არაფერი ჰქონდა. არც მგონია, რომ გენერალურმა მდივანმა რაიმე იცოდა ამ შეხვედრის თაობაზე“, – განაცხადა ფრედ ეკჰარდმა.

ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტის თანამდებობა გასული წლის უსისხლო რევოლუციის შედეგად დატოვა. ინფორმაციამ მისი გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლად დანიშვნის თაობაზე საქართველოში დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია.

საქართველოში გაეროს კოორდინატორი ლარს კლარკმა 19 აპრილს შეხვედრა გამართა ედუარდ შევარდნაძესთან.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოში გაეროს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: “გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტ ბატონ კულ გაუტამსა და ყოფილ პრეზიდენტ შევარდნაძეს შორის გამართული შეხვედრაზე ბატონმა გაუტამმა აღნიშნა, რომ რიგ სიტუაციებში გაეროსთვის ფასეული იქნება ისეთი გამოცდილი სახელმწიფო მოღვაწის რჩევები, როგორიცაა ბატონი ედუარდ შევარდნაძე.”

“უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ ბატონი ედუარდ შევარდნაძე მოხარული იქნება მიაწოდოს ასეთი რჩევები. ბატონმა ლანს კლარკმა მადლობა გადაუხადა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს მომავალი თანამშრომლობისთვის  მზადყოფნისა და უკვე გაწეული დახმარებისათვის, კერძოდ, ბავშვთა პრობლემების ირგვლივ,” – ნათქვამია ასევე განცხადებაში. 

მსგავსი/Related

Back to top button