ახალი ამბები

ბათუმში დისლოცირებული 25-ე ბრიგადა თავდაცვის სამინისტროს არ ემორჩილება

ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი რომან დუმბაძე თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრძანებას მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ ემორჩილება და კლავ განაგრძობს ბრიგადის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას.
 
“მე ვემსახურები აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს და ჩემი დანიშვნა-გადაყენებაც მას ევალება. 25-ე ბრიგადაც არის ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში. მთავარსარდალად ასლან აბაშიძეს ვაღიარებ” – განაცხადა დღეს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე რომან დუმბაძემ.
 
ამ განცხადების თაობაზე კომენტარს არ აკეთებს თავდაცვის სამინისტო. “ამასთან დაკავშირებით კომენტარს სამინისტრო მოგვიანებით გააკეთებს,” – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩიქოვანმა.


თავდაცვის მინისტრმა 25-ე ბრიგადის ხელმძღვანელად 16 აპრილს ვიცე-პოლკოვნიკი ვიქტორ მიქელაძე დანიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელი ბათუმში იმყოფება. 
 
თავდაცვის მინისტრმა რომან დუმბაძე თანამდებობიდან აპრილის დასაწყისში გადააყენეს. იგი დაუმორჩილებლობაში ჯერ კიდევ მარტში დაადანაშაულეს, როდესაც ბათუმსა და თბილის შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა.


თუმცა თავდაცვის სამინისტრო აქამდე არ აღიარებდა რომ 25-ე ბრიგადა მას აღარ ემორჩილებოდა.


აღსანიშნავია, რომ 16-17 აპრილს დაგეგმილი სამხედრო წვრთნები ფოთში, რომელშიც 25-ე ბრიგადის ჯარისკაცებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა, გაურკვეველი მიზეზების გამო აპრილის ბოლოსთვის გადაიდო. არაოფიციალური ინფორმაციით წვრთნების გადადება სწორედ 25-ე ბრიგადის გარშემო შექმნილი პრობლემების გამო მოხდა.

მსგავსი/Related

Back to top button