ახალი ამბები

მეამბოხე გენერალი აჭარის ლიდერს ემორჩილება

ბათუმში დისლოცირებული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური გენერალი რომან დუმბაძე, რომელიც თანამდებობიდან იქნა გადაყენებული, ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს. თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა მეამბოხე გენერალს “მოღალატე” უწოდა.


“მე ვემსახურები აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს და ჩემი დანიშვნა-გადაყენებაც მას ევალება. ვაღიარებ, რომ მთავარსარდალი ასლან აბაშიძეა” – განაცხადა 19 აპრილს ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე რომან დუმბაძემ.


თავდაცვის სამინისტრო, რომელიც გამუდმებით აცხადებდა, რომ 25-ე ბრიგადას აკონტროლებდა, ამჯერად აცხადებს, რომ ბრიგადის ყოფილი მეთაური “არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვით შეიარაღებული ძალების ერთადერთი მთავარსარდალი პრეზიდენტია.”


თავდაცვის მინისტრმა 25-ე ბრიგადის მეთაურად, დუმბაძის ნაცვლად, 16 აპრილს ვიცე-პოლკოვნიკი ვიქტორ მიქელაძე დანიშნა, რომელიც იმავე ბრიგადაში მსახურობდა. ბათუმში მყოფი ახალი ხელმძღვანელი შექმნილი ვითარების გამო გაურკვევლ ვითარებაში აღმოჩნდა. “მე არ ვაპირებ კონფლიქტური სიტაციის დამყარებას, ყველაფერი ახლა თავდაცვის სამინისტროზეა დამოკიდებული. ყველაფერი თბილისში ჩემი ჩასვლის შემდეგ გაირკვევა” – განაცხად 19 აპრილს ვიქტორ მიქელაძემ.  


თავდაცვის მინისტრმა 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური რომან დუმბაძე თანამდებობიდან აპრილის დასაწყისში მოხსნა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ბრიგადა დაუმორჩილებლობაში ჯერ კიდევ 14 მარტს დაადანაშაულა, მას შემდეგ რაც იგი  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არ შეუშვეს, რასაც თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობების უკიდურესად გამწვავება მოჰყვა.


რომან დუმბაძის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამხედრო პროკურატურამ. 3 აპრილს დაკითხვაზე დაბარებული რომან დუმბაძე პროკურატურაში არ გამოცხადდა.


რომან დუმბაძე 25-ე ბრიგადას 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. იგი იბრძოდა აფხაზეთში. ხოლო 25 იანვარს იგი ხელმძღვანელობდა 25-ე ბრიგადის სამხედრო აღლუმს ბათუმში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის აღსანიშნავად გაიმართა. ამ აღლუმს სააკაშვილი და აბაშიძეც ესწრებოდნენ.


მეამბოხე გენერალი დაუმორჩილებლობის გადაწყვეტილებას აჭარაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებით ხსნის. დუმბაძემ, ასლან აბაშიძის მსგავსად, ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შეიარაღებული შეჭრის მცდელობაში დაადანაშაულა.


“მე და 25-ე ბრიგადის ჯარისკაცები არ დავუშვებთ რომ აჭარაში, ჩემს მშობლიურ კუთხეში, შემოვიდნენ შეიარაღებული პირები,” – განაცხადა რომან დუმბაძემ ტელეკომპანია “მზის” პირდაპირ ეთერში 19 აპრილს გვიან ღამით.


25-ე ბრიგადა დაკომპლექტებულია აჭარის ადგილობრივი მოსახლეობით და მის შემადგენლობაში დაახლოებით 300-350 სამხედრო მოსამსახურე ირიცხება.


“იმის მიუხედავად, რომ 25-ე ბრიგადას გააჩნია ორი საზენიტო დანადგარი, ეს სამხედრო შენაერთი დიდი შეიარაღებით არ გამოირჩევა,” – განუცხადა სამხედრო ექსპერტმა კობა ლიკლიკაძემ “სივილ ჯორჯიას.”


საქართველოს შეიარაღული ძალების გენშტაბის მეთაურმა გივი იუკურიძემ ტელეკომპანია “მზეს” განუცხადა, რომ “25-ე ბრიგადა არ არის კარგად შეიარაღებული და კარგად მომზადებული სამხედრო დანაყოფი.”


მან ასევე განაცხადა, რომ ბრიგადის ყველა ჯარისკაცი არ იზიარებს რომან დუმბაძის პოზიციას. 9 სამხედრო მოსამსახურემ, რომლებმაც უარი თქვეს დამორჩილებოდნენ მეამბოხე გენერლის ბრძანებებს, დატოვეს ბათუმი და თბილისში გამოემგზავრნენ. თავდაცვის მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ბრიგადის სხვა სამხედრომოსამსახურეებსაც მოუწოდა არ დაემორჩილონ, როგორც მან დუმბაძეს უწოდა, “მოღალატე” გენერალს.


“ნუ გახდებით ინსტრუმენტები ბანდიტების ხელში,” – მოუწოდა გელა ბეჟუაშვილმა 25-ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს.


გივი იუკურიძის განცხადებით თავდაცვის სამინისტრო “გასაგები მიზეზების გამო შეზღუდულია აჭარაში გარკვეული ზომების განხორციელების მხრივ.” ამიტომ, მისი თქმით 25-ე ბრიგადასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება უფრო პოლიტიკოსებზე იქნება დამოკიდებული ვიდრე სამხედროებზე. “თუ პოლიტიკურად სიტუაცია განიმუხტება ცენტრსა და რეგიონს შორის, მოხდება 25-ე ბრიგადასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაც,” – განაცხადა გივი იუკურიძემ.


ის, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბულ ფონზე სახელმწიფოს ერთ-ერთი სამხედრო შენაერთი არ ემორჩილება, განსაკუთრებით კი აჭარის ტერიტორიაზე განლაგებული, სახიფათო პრეცედენტად აფასებენ სამხედრო ექსპერტები და აცხადებენ, რომ ეს კიდევ უფრო ძაბავს დღეისათვის ისედაც გამწვავებულ ვითარებას თბილისსა და ბათუმს შორის.


“როგორც აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე არ ემორჩოლება ქვეყნის ხელმძღვანელობას, ისე არ ემორჩილება 25-ე ბრიგადის ხელმძღვანელი თავდაცვის მინისტრს, ეს კიდევ უფრო სახიფათოს ქმნის შექმნილ ვითარებას” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ფოთში აპრილის ბოლოს დაგეგმილია სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს 25-ე ბრიგადამაც, რაც დღეისათვის შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სხვათა შორის ფოთის წვრთნები თავდაპირველად 16-17 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. არაოფიციალური ინფორმაციით წვრთნების გადადების მიზეზი სწორედ 25-ე ბრიგადასთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.
  
25-ე ბრიგადასთან დაკავშირებული ინციდენტი უკვე მეოთხე ამბოხია ქართულ ჯარში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა განსხვავება ის არის, რომ ყველა მანამდე მომხდარ შემთხვევას სოციალური საფუძვლები ედო მიზეზად.


შარშან გაზაფხულზე ათეულობით ყოფილმა გვარდიელმა დაიკავა სამხედრო ნაწილი თბილისში და სოციალური პირობების გამუმჯობესება მოითხოვა. 2002 წლის ივლისში კომანდოს ბატალიონისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის 100-მდე ოფიცერმა სამხედრო სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა მძიმე სოციალური პირობებისა და ქართულ ჯარში გამეფებული კორუპციის გამო. 2001 წლის მაისში მოხდა “მუხროვანის აჯანყება”, რომლის დროსაც ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ამბოხი წამოიწყეს. ყველა ეს ინციდენტი ხელისუფლებამ სამხედროებთან მოლაპარაკებების გზით მოაგვარა. 

მსგავსი/Related

Back to top button