skip to content
ახალი ამბები

რუსეთის დუმა საქართველოს მოუწოდებს თავიდან აიცილოს კონფრონტაცია

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 28 აპრილს მიიღო განცხადება აჭარაში დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით.


„დაძაბულობის ესკალაცია აჭარაში რუსი დეპუტატების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ თბილისი ძალის გამოყენებას გეგმავს აჭარაში“, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსი დეპუტატები აღიარებენ, რომ თბილისსა და ბათუმს შორის არსებული ურთიერთობა საშინაო საქმეა, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრობლემის მოგვარება საომარი რიტორიკისა და მუქარის გამოყენებით დაუშვებელია.


„ძალის გამოყენებას შესაძლოა მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვეს როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონისთვის, განსაკუთრებით ახლანდელი საერთაშორისო ვითარების ფონზე. მოვლენების ასეთი განვითარება შეუძლებელია არ შეეხოს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსაც“, – ნათქვამია განცხადებაში.


რუსეთის სახელმწიფო დუმა მოუწოდებს ქართველ დეპუტატებს ყველა ღონე იხმარონ, რათა თავიდან აიცილონ აჭარაში ძალის გამოყენება და პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით მოაგვარონ არსებული პრობლემები. 


 

Back to top button