ახალი ამბები

ბიზნესმენები აბაშიძესთან მოლაპარაკებით კმაყოფილნი არიან

ბათუმში მყოფი ბიზნესმენებისა და აჭარის ლიდერს შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც ბიზნესმენებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ დოალოგი შედგა. ბიზნესმენებმა ბრიფინგზე არ დააკონკრეტეს, თუ რა სახის საკითხები განიხილეს აჭარის ლიდერთან.

“მივიღეთ დასტური ორივე მხარისგან [პრეზიდენტი სააკაშვილი და აჭარის ლიდერ აბაშიძე], რომ არცერთ მათგანს არ სურს ომი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბიზნესმენთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ბადრი პატარკაციშვილმა შეხვედრის შემდეგ.

“ყველაზე მნიშვნელოვნად დავასახელებდი იმას, რომ ბიზნესმენების მიმართ საქართველოს პრეზიდენტმაც და აჭარის ლიდერმაც ნდობა გამოხატეს, რაც ჩვენ უფლებას გვაძლევს ამ პროცესებში აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. ეს არის ქართული ბიზნესის მისამართით გამოხატული ნდობის მანდატი და ჩვენ მზად ვართ გავამართლოთ ეს იმედები” – განაცხადა დღეს ბრიფინგზე “თი-ბი-სი ბანკის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.

“ჩვენ პრეზიდენტისგან კონკრეტული დავალება არ მიგვიღია, ჩვენ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვახადეთ” – განაცხადა ბათუმში მყოფ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, გადამხდელთა კავშირის ახალმა თავმჯდომარემ ბადრი პატარკაციშვილმა.

ასლან აბაშიძესთან ოთხსაათიანი პირისპირ შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენებმა განაცხადეს, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული დაძაბულობა ამ შეხვედრით მოიხსნება, თუმცა ბიზნესმენები მომავალ კვირას კვლავ აპირებენ ბათუმში ჩასვლას და ასლან აბაშიძესთან შეხვედრას. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ გადამხდელთა კავშირის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნიკო ლეკიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მანამდე ისინი მოლაპარაკებებს კვლავ თბილისში მთავრობის წარმომადგენლებთან გამართავენ.

14 აპრილს საქართველოს პრეზიდნეტთან შეხვედრის შემდეგ ქართველ ბიზნესმენთა გარკვეული ნაწილი ბათუმში დღეს დილით გაემგზავრა ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით.  

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button