ახალი ამბები

ჟვანია აჭარის საკითხის მოგვარების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვას მოითხოვს

პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია აჭარის საკითხის მოგვარებას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გეგმავს. ამ მიზნით ზურაბ ჟვანიამ საგარეო საქმეთა მინისტრს სალომე ზურაბიშვილს დაავალა სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ითანამშრომლებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ საკითხის მოგვარების მიზნით.


“აჭარის საკითხთან დაკავშირებით უფრო აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რათა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთონ ამ პროცესში და ერთობლივად მოხდეს გამოსავლის პოვნა”, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე ზურაბ ჟვანიამ.


ზურაბ ჟვანია ბათუმში აჭარის ლიდერს ასლან აბაშიძეს 13 აპრილს შეხვდა, სადაც მხარეებმა უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღების საკითხზე იმსჯელეს, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ზურაბ ჟვანიას შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, ცენტრალური ხელისუფლება სამოქმედო გეგმაზე თბილისში გააგრძელებს მსჯელობას.

მსგავსი/Related

Back to top button