ახალი ამბები

ასანიძეს გაანთავისუფლებენ

აჭარის ავტონომიის ლიდერის ასლან აბაშიძის განცხადებით, 9 აპრილს თენგიზ ასანიძეს გაანთავისუფლებენ.


აბაშიძის განცხადებას წინ უძღოდა სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლებას დაევალა უზრუნველყო თენგიზ ასანიძის დაუყოვნებლივი განთავისუფლება.


სასამართლოს გადაწვეტილებას მოჰყვა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან აბაშიძისადმი კატეგორიული მოთხოვნა გაენთავისუფლებინა ასანიძე.


„ვუბრძანებ ასლან აბაშიძეს დაუყონებლივ გაათავისუფლოს თენგიზ ასანიძე. თუ იგი არ შეასრულებს ჩემს ბრძანებას, ჩვენ გავათავისუფლებთ ასანიძეს ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტის გამოყენებით“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 8 აპრილს. 


თენგიზ ასანიძე ბათუმის მერი იყო. იგი 1993 წლის 4 ოქტომბერს დააპატიმრეს და ბათუმის თამბაქოს ქარხანაში განხორციელებული ფინანსური  მაქინაციების ბრალდებით გაასამართლეს.


მიუხედავად იმისა, რომ ასანიძე 1999 წელს პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა, და მისი სასჯელი გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, იგი კვლავ პატიმრობაში იმყოფება, რადგანაც აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე მის გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. 1994 წელს თენგიზ ასანიძეს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 
 
ასანიძემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2001 წელს მიმართა განცხადებით, რომ მისი პატიმრობაში ყოფნა უკანონო იყო და რომ მან ვერ შეძლო თავისი უფლებების დაცვა ეროვნული სასამართლოების საშუალებით.


„სასამართლომ საქართველოს უმოკლეს ვადებში ასანიძისთვის 150 000 ევროს გადახდა დააკისრა კონპენსაციის სახით. სახელმწიფომ დამატებით 5 000 ევრო უნდა გადაუხადოს  ასანიძის იურისტებს სამი თვის ვადაში,“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი/Related

Back to top button