ახალი ამბები

ნატო რუსეთსა და საქართველოს სამხედრო ბაზებზე მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰუფ სხეფერმა მოსკოვში ვიზიტის დროს 8 აპრილს განაცხადა, რომ თბილისმა და მოსკოვმა სასწრაფოდ უნდა განაახლონ მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე.


მისი თქმით, ეს საკითხი 7 აპრილს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც იქნა განხილული.


იააპ დე ჰუფ სხეფერის განცხადების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზადყოფნა გამოთქვა სამხედრო ბაზების თაობაზე მოლაპარაკებების განახლებისთვის.


„რუსული მხარე მზად არის ხელი შეუწყოს საკითხის მოგვარებას“, – განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსანდრე იაკოვენკომ  ჟურნალისტებს.


საქართველოში რუსეთის ორი სამხედრო ბაზაა განლაგებული –  ერთი ბათუმში და მეორე ახალქალაქში.


გუდაუთის სამხედრო ბაზის საკითხი კვლავ გაურკვეველი რჩება. რუსული მხარის განცხადებით, გუდაუთიდან ბაზა უკვე გამოყვანილია, თუმცა საქართველო ამ ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას მოითხოვს.


რუსეთის განცხადებით, ბათუმიდან და ახალქალაქიდან ბაზების გამოყვანას 7-9 წელიწადი დასჭირდება, მაშინ როცა საქართველო რუსეთს მხოლოდ სამი წლის ვადას აძლევს. 

მსგავსი/Related

Back to top button