
შინაგან საქმეთა მინისტრი სავიზო რეჟიმის გაუქმებას უჭერს მხარს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 7 აპრილს რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვსა და თბილისს არანაირი დაბრკოლებები არ გააჩნიათ სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად.
რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი 2002 წელს იქნა შემოღებული.
„რუსეთს არ გააჩნია არანაირი მიზეზი, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შეინარჩუნოს. რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმი შემოღებულ იქნა, როგორც პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული. ამჟამად ეს დაბრკოლებები აღარ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ და დასძინა, რომ მოსკოვი და თბილისი ერთობლივად ებრძვიან ტერორიზმს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო და რუსეთი სტრატეგიული ურთიერთობების ახალ ფაზაში შევიდნენ.
მარტის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
„სავიზო რეჟიმი ურთიერთობების კარგ ან ცუდ ხასიათთან არ არის დაკავშირებული. იგი პირდაპირ კავშირშია ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემასთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.