skip to content
ახალი ამბები

ძალოვანი მინისტრები მოსკოვსა და კიევში მიემგზავრებიან

გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები დღეს მოსკოვში მიემგზავრებიან, სადაც თავის რუს კოლეგებს შეხვდებიან. განხილული იქნება ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობის საკითხები. მეორე დღეს კი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები კიევში დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნების (დსთ) სამიტს დაესწრებიან.


„სამიტზე განხილული იქნება ნარკობიზნესის, ტერორიზმის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. სამივე საკითხის მოგვარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიმსჯელებთ ამ პრობლემების ერთობლივ მოგვარებაზე“, –  განაცხადა მოსკოვში გამგზავრებამდე გენერალურმა პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილმა.


იგი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვში თავის კოლეგებთან შეხვედრის დროს შესაძლოა განიხილონ იმ პირთა საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი, რომელთა წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამჟამად რუსეთის ტერიტორიას აფარებენ თავს. მათ შორის ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე, რომელზეც გენერალურმა პროკურატურამ 8 იანვარს ძებნა გამოაცხადა. მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისებაში ედება ბრალი.

Back to top button