ახალი ამბებიწერილები

სააკაშვილი მოსკოვში ნაკლებ ოპტიმისტური განწყობით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 თებერვალს მოსკოვში ჩავიდა, სადაც იგი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის ხელმძღვანელობასთან. მოსალოდნელია, რომ საქართველოში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და აფხაზეთის კონფლიქტის საკითხები იქნება მოლაპარაკებათა მთავარი თემა.
 
საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრები, გენერალური პროკურორი და მრეწველთა პარტიის თავჯდომარე, ბიზნესმენი გოგი თოფაძე. საქართველოს ახალი ელჩი რუსეთში კოტე კემულარია ასევე გაემგზავრა მოსკოვში.
 
მოლაპარაკებები სააკაშვილსა და მის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შორის 11 თებერვალსაა დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტმა 10 თებერვალს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი ამ ერთი ვიზიტიდან „რაიმე სასწაულს“ არ ელოდება.

“რუსეთში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მოსკოვიდან დადებითი ნაბიჯების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს” – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში მოსკოვში ჩასვლამდე. სხვათა შორის სააკაშვილმა ჩვეულებრივი სამგზავრო რეისით ისარგებლა და ფინანსების დაზოგვის მიზნით პრეზიდენტის თვითფრინავის გამოყენებაზე უარი განაცხადა. 
 
საქართველოს პრეზიდენტი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან მიხეილ კასიანოვთან. საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ რუს ბიზნესმენებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
 
მიხეილ სააკაშვილმა, 25 იანვარს გაიმართულ ინაუგურაციის ცერემონიალზე, განაცხადა: „მზად ვარ მეგობრული ხელი გავუწოდო რუსეთს და ვიმედოვნებ, რომ პუტინი მიიღებს მეგობრობის ამ ხელს ჩემი მოსკოვში ვიზიტის დროს.“
 
რუსული გაზეთი „კომერსანტი“, კრემლის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მოსკოვი შეეცდება დაარწმუნოს სააკაშვილი ხელი მოაწეროს ოქმს, რომელიც შეიცავს საკმაოდ ბუნდოვან ფორმულირებას რუსული სამხედრო ბაზების გამოყვანის თარიღთან დაკავშირებით; რუსული გაზეთის ცნობით, მოსკოვი ასევე შეეცდება მიიღოს გარანტიები იმის თაობაზე, რომ თბილისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად არასოდეს გამოიყენებს ძალას.
 
საქართველოს ახალი პრეზიდენტის თქმით, მას სურს „ახალი ურთიერთობები“ დაამყაროს რუსეთთან. თუმცა, პოლიტიკურ მიმომხილველთა თქმით, დღემდე არსებული ძველი პრობლემები მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს სააკაშვილს მიზნის მიღწევაში. ამ პრობლემებს შორისაა რუსეთის ორი სამხედრო ბაზა საქართველოში და მოსკოვის მხარდაჭერა სეპარატისტული მოძრაობებისადმი.
 
ცოტა ხნის წინ რუსეთმა გადაკვრით აღნიშნა, რომ მან შესაძლოა შეარბილოს პოზიცია ბაზების გამოყვანის ვადებთან დაკავშირებით. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ იური ბალუევსკიმ 2 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია ბათუმიდან და ახალქალაქიდან ბაზები 7-9 წლის ვადაში გამოიყვანოს; თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოს მოთხოვნა ბაზების სამი წლის ვადაში გამოყვანის თაობაზე „არარეალურია“. თავდაპირველად რუსეთი ბაზების გამოსაყვანად 10-11 წელიწადს ითხოვდა.
 
მოსკოვს საქართველოსთან მიმართებაში კიდევ ერთი პრეტენზია გააჩნია, რაც ტერორიზმთან არის დაკავშირებული. რუსეთი გარანტიებს ითხოვს იმის თაობაზე, რომ საქართველომ არ მისცეს თავშესაფარი ჩეჩენ მებრძოლებს, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა, როცა ჩეჩენთა შეიარაღებული ჯგუფი პანკისის  ხეობაში დაბანაკდა.
 
6 თებერვალს მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის „დახმარება გაუწიოს რუსეთს და ითანამშრომლოს მასთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლში“.
 
მისი განცხადებით, ეს საკითხი „სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენთვისაც, რადგანაც საქართველო იმ ზონაში მდებარეობს, სადაც ტერორიზმის რისკი საკმაოდ მაღალია“. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არასოდეს გახდება ტერორისტების თავშესაფარი და დასძინა „ამჟამად საქართველოში ჩეჩენი მებრძოლები არ იმყოფებიან“.

მსგავსი/Related

Back to top button