
ოპოზიცია ახალ საგადასახადო ინიციატივას აკრიტიკებს
ახალი მემარჯვენეების, ტრადიციონალისტებისა და სოციალისტურმა პარტიებმა უარყოფითი შეფასება მისცეს მთავრობის გადაწყვეტილებას საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მას „პოპულიზმი“ და „ბოლშევიზმი“ უწოდეს.
„საწვავზე გადასახადის გაუქმება საწვავის ფასის ზრდას გამოიწვევს, რასაც შემდგომში სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდაც მოყვება“, – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მან ასევე გააკრიტიკა მთავრობის გადაწყვეტილება მიწის გადასახადის გაუქმების თაობაზე.
„ტრადიციონალისტებმა“ და სოციალისტურმა პარტიამ „ბოლშევიზმი“ უწოდეს მთავრობის ინიციატივას მდიდარი მოქალაქეებისთვის ახალი გადასახადის დაწესების თაობაზე.
„მათ, ვისაც ფეშენებელური ბინები და მანქანები ჰყავთ შესაბამის გადასახადებს გადაიხდიან“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ 22 დეკემბერს.
„ეს პოპულიზმი და ბოლშევიზმია“, – განაცხადა „ტრადიციონალისტების“ ლიდერმა აკაკი ასათიანმა მთავრობის ახალი ინიციატივის კომენტირებისას.
„სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმაც ანალოგიური შეფასება მისცა საგადასახადო ცვლილებებს.
ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ახალი საგადასახადო ინიციატივა გადასახადებისა და შემოსავლების საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
სავარაუდოდ, პარლამენტი საგადასახადო ცვლილებებს უახლოეს დღეებში განიხილავს.