
მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს
(თბილისი, 4 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. მიხეილ სააკაშვილი ხალხს არაფერს ჰპირდება და აცხადებს, რომ იგი ახალი ფურცლიდან იწყებს მოღვაწეობას და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საქმით დაადასტურებს ხალხის მთავარ ნებას. “ყველაფერი, რაც გაკეთდა ბოლო დღეებში არის სიმბოლური. სიმბოლურია ის, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 25 იანვარს, ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეს შედგება, აი რა საჩუქარი მოუმზადა ქართველმა ხალხმა ყოფილ პრეზიდენტს, მაგრამ მთავარი საჩუქარი ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვება იქნება 4 იანვრის შემდეგ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. დღეს მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას პრეზიდენტობის კანდიდატად მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ და სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ წარადგინეს. მათ წარმატება უსურვეს მიხეილ სააკაშვილს. ზურაბ ჟვანია ასევე უხელმძღვენლებს საარჩევნო შტაბს. მისი თქმით, ეს არჩევნები სამართლიანი და დემოკრატიული იქნება, სადაც ხალხს შეეძლება საკუთარი ნების გამოხატვა. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2004 წლის 4 იანვარს ჩატარდება. მასში მონაწილეობის სურვილი 15 კანდიდატმა გამოთქვა.