skip to content
ახალი ამბები

ეუთო საქართველოს ურჩევს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ცალ-ცალკე ჩაატაროს

(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ბრიუს ჯორჯი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ცალ-ცალკე ჩაატარონ.

“აბსოლუტურად შეუძლებელია საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად, 4 იანვარს, ჩატარება”, – განაცხადა მან 2 დეკემბერს საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან მაასტრიხტში შეხვედრისას.

“თუ მომავალი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არ ჩატარდება, საერთოშორისო საზოგადოება დაკარგავს ნდობას საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესის მიმართ”, – განაცხადა ბრიუს ჯორჯმა.

საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველოს მომავალი არჩევნების ორგანიზებაში პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა.

ბრიუს ჯორჯმა ასევე აღნიშნა, რომ “საკმარისი დროა საჭირო სანდო საარჩევნო კომისიის შესაქმნელად”.

მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები მაშინ დაინიშნება, როცა ეს ტექნიკურად შესაძლებელი გახდება.

ბრიუს ჯორჯი 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს დამკვირვებელთა მისიას უხელმძღვანელებს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების თარიღად 25 იანვარი გამოაცხადა. როგორც ცნობილია, სასამართლომ გააუქმა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცსკო-მ განმეორებითი არჩევნები ორი თვის ვადაში უნდა დანიშნოს; თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება გადადოს არჩევნები.

ამგვარად, ცსკო-მ წერილი გაუგზავნა ნინო ბურჯანაძეს არჩევნების გადადების მოთხოვნით, რადგანაც, მათი განცხადებით, მათ საკმარისი დრო არ რჩებათ საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებლად.

ამჟამად, მოქმედ პრეზიდენტზეა დამოკიდებული, თუ როდის დაინიშნება განმეორებითი არჩევნები. ცოტა ხნის წინ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად ჩაეტარებინათ 4 იანვარს. 

Back to top button