skip to content
ახალი ამბები

ახალი სახელმწიფო მინისტრი საბიუჯეტო დეფიციტზე საუბრობს

(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ახალმა სახელმწიფო მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ დღეს შეშფოთება გამოთქვა ქვეყნის ეკონომიკაში, კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტში, არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით.

“ჩვენი ვარაუდით, იანვრის ბოლოს საბიუჯეტო დეფიციტი 270 მილიონ ლარს შეადგენს. სიტუაცია შემაშფოთებელია ბიუჯეტის დაცული მუხლების დაფინანსების მხრივაც. ჩვენ ვერ ვახერხებთ პენსიებისა და ხელფასების, ასევე დევნილთა დახმარებების, გაცემას. მდგომარეობა უკიდურესად რთულია არმიაშიც”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მოქმედმა პრეზიდენტმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 30 ნოემბერს მაასტრიხტში გაემგზავრა, სადაც იგი ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, თან წაიღო იმ პრობლემათა დეტალური ნუსხა, რომლებიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს.

“ჩვენ ეს ნუსხა საქართველოში არსებულ საელჩოებს შორისაც გავავრცელეთ, რათა მოხდეს იმ დახმარების ინვენტარიზაცია, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანას შეუძლია გაუწიოს საქართველოს”, – დასძინა ზურაბ ჟვანიამ. 

Back to top button