ახალი ამბები

ბურჯანაძე ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე 1-2 დეკემბერს მაასტრიხში (ჰოლანდია) ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნინო ბურჯანაძე სპეციალური მიწვევით იმყოფება მაასტრიხში, სადაც იგი საქართველოში “ხავერდოვანი რევოლუციის” შემდგომი სიტუაციის თაობაზე მოხსენებას წაიკითხავს.

სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძე შეხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს.

“ჩვენ სერიოუზულ საკითხებს განვიხილავთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა საქართველოში ამ ცოტა ხნის წინ და თუ რით შეგვიძლია დავეხმაროთ ქვეყნის ახალ ხელმძღვანელობას ახალი არჩევნების მომზადების საქმეში. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს საკითხი იქნება განხილვის საგანი”, – განაცხადა კოლინ პაუელმა 25 ნოემბერს.

ნინო ბურჯანაძე ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ბრიუს ჯორჯს შეხვდება.

ეუთოს ინფორმაციით, ბრიუს ჯორჯი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.

იგი ასევე მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას არჩევნების დაფინანსებასა და მონიტორინგში დაეხმარონ საქართველოს და არსებითი ეკონომიკური დახმარება გაუწიონ ქვეყანას მისი ისტორიის ერთ-ერთ რთულ პერიოდში.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button