skip to content
ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში ვითარების გამწვავების მცდელობას არ გამორიცხავს

(თბილისი, 29 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ შეფასებას არ აკეთებს და აცხადებს, რომ იგი ყოველგვარი პოლიტიკური მოვლენების შეფასებისგან თავს იკავებს. იგი ასევე საუბრობს ვითარების გართულების შესაძლებლობაზე.
 
”არის ზოგიერთი პიროვნება განაწყენებული ყოფილი სამხედრო, რომელიც გარკვეული პოლიტიკური იდეების მატარებელია. ამის შესახებ არსებობს ინფორმაცია. ახლა გადამოწმების მომენტში ვართ“ 150 განაცხადა დავით თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
 
იგი ასევე კომენტარს არ აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე და მისი სახელის დაკავშირებაზე ქვეყანაში შესაძლო კონტრევოლუციურ მოვლენებთან.
 
”ნაკლებად მაღელვებს ვის უნდა აწყობდეს ჩემი სახელის ხსენება კონტრრევოლუციასთან მიმართებაში, მე უფრო მაღელვებს რა უნდა გაკეთდეს შეიარაღებულ ძალებში“ 150 აცხადებს მინისტრი.
 
დავით თევზაძემ ასევე ისაუბრა ვიზიტების შესახებ და განაცხადა, რომ ყველა მისი ვიზიტი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან იყო შეთანხმებული.
 
”ასე იყო აქამდეც და ასეა ახლაც, ასე იქნება სანამ მინისტრი სამოქალაქო პირი არ გახდება. მე მოვინახულე საქართველოში არსებული გარნიზონები და იქ არსებული ვითარება, ყველგან სიმშვიდეა, მათ შორის აჭარაში. უნდა განვაცხადო, რომ აჭარას საკუთარი შეიარაღება არ ჰყავს, შეიარაღება ჰყავს საქართველოს“ 150 განაცხადა დავით თევზაძემ.  
 
დავით თევზაძემ 26-27 ნოემბერს თბილისის, ბათუმის, ახალციხის, საჩხერის, გორის, ქუთაისისა და ფოთის სამხედრო გარნიზონები მოინახულა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button