ახალი ამბები

ევროპის სასამართლოში ასანიძის საქმის მოსმენა გაიმართა

(თბილისი, 19 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ დღეს დაიწყო თენგიზ ასანიძის საქმის მოსმენა, რომელიც ამჟამად ბათუმის ციხეშია.

ასანიძის განცხადებით, იგი უკანონო პატიმრობაში იმყოფება და მას არ გააჩნია სამართლებრივი დაცვის რაიმე ეფექტური საშუალება, რაც მის გათავისუფლებას უზრუნველყოფს.

თენგიზ ასანიძე ბათუმის მერი იყო. იგი 1993 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს და ბათუმის თამბაქოს კომპანიაში უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის გაასამართლეს. 1994 წელს მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ქონების კონფისკაციით. 1999 წელს ასანიძე პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა, თუმცა იგი აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ გაათავისუფლა.

1999 წელს ასანიძეს, რომელიც, პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად, კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, ახალი მუხლი მიუყენეს და აჭარის უმაღლესმა სასამართლომ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი ანულირებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, ასანიძე კვლავ პატიმრობაში იმყოფება.

არსებული მონაცემებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მოსმენის შემდეგ სასამართლო საქმის განხილვას დახურულ კარს მიღმა განაგრძობს. სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button