
აშშ-ს ელჩი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ სასაუბროდ
(თბილისი, 5 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოში საარჩევნო პროცესის განვითარებას. აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, არჩევნების სანდოობის შესანარჩუნებლად და ამომრჩეველთა ნდობის აღსადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ხმების დათვლისა და ამის შესახებ ანგარიშის გაკეთების პროცესის დროულობას, გამჭირვალობასა და სიზუსტეს.
“საქართველოში 2 ნოემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არასწორი ორგანიზაციისა და დაფიქსირებული გაყალბების ფაქტების გამო საქართველოს ბევრ მოქალაქეს არ მიეცა საშუალება განეხორციელბინა თავისი ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება. შეცვლილი ბიულეტენები და ოქმები კიდევ ერთი პრობლემა იყო, რომელმაც გამოიწვია საზოგადოების უნდობლობა საარჩევნო პროცესის მიმართ”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნების დღეს დაშვებული შეცდომები ახლა, ხმათა დათვლის დროს გამოასწოროს და მხედველობაში მიიღოს გაყალბების ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევები.
არსებული ვითარების გამო აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვს და იმედოვნებს, რომ ედუარდ შევარდნაძე უზრუნველყოფს ამ არჩევნების სამართლიანობას და ამით ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.