ახალი ამბები

ეუთო-ს და ევროსაბჭო-ს წარმომადგენლები ცსკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურებს განიხილავენ

(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – ეუთო-ს და ევროსაბჭო-ს წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურების შერჩევის საკითხს განიხილავენ. ამ მისიით თბილისში იმყოფებიან  ეუთო-ს თავმჯდომარის წარმომადგენელი ლივიუ ბოტა და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წარმომადგენლელი პლამენ ნიკოლოვი.

დღეს ისინი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და განაცხადეს, რომ მათ წარუდგინეს 25 კაციანი სია, რომელთა ბიოგრაფიის შესწავლას ახლა იწყებენ, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ.

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 25 კაციდან 6 ქალია, 19 კი მამაკაცი. შერჩევა იმ კრიტერიუმებით მოხდება, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის დაწესებული. ჩვენ არცერთი პოლიტიკური პირის რეკომენდაციას რომელიმე კანდიდატზე არ გავითვალისწინებთ და მხოლოდ საზოგადოებრივ შეხედულებებს მივაქცევთ ყურადღებას, ცსკო-ს თავმჯდომარე უნდა იყოს საზოგადოებაში ნდობით აღჭურვილი, მიუკერძოებული პიროვნება”, – განაცხადა ეუთო-ს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ლივიუ ბოტამ.

პლამენ ნიკოლოვის თქმით, კი მთელი ეს პროცესი გამჭირვალედ წარიმართება და უახლოეს პერიოდში დაასახელებენ სავარაუდო კანდიდატებს.

28 აგვისტოს ეუთოს და ევროსაბჭოს წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან, ხოლო შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს.

ლივიუ ბოტა მოვლენებს არ უსწრებს და იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მოიწონებს მათ კანდიდატურას.

“ალბათ გესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს საქართველოსთვის. ეს არის გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარება განაპირობებს მომავალ თანამშრომლობას მსოფლიოს ქვეყნებთან”, – განაცხადა ლივიუ ბოტამ.

მისი თმით, ცსკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას ისინი დაახლოებით 30-31 აგვისტოს დაასრულებენ. მათ მიერ ასევე არ არის შეზღუდული კანდიდატთა რაოდენობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button