ახალი ამბები

აქცია “კმარა” პოლიციასთან

(თბილისი, 12 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სტუდენტები თბილისის ქუჩებში ადამიანის უფლებების დასაცვის მოთხოვნით გამოვიდნენ. 12 მაისს, 12 საათზე მათ თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის წინ მოაწყეს საპროტესტო აქცია “კმარა წამება, ძალადობა!”.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ადვოკატ ეკა ბესელიას თქმით, პოლიცია უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

“წინასწარი დაკავების საკნებში აწამებენ ეჭვმიტანილებს, არღვევენ პროცესუალურ ნორმებს. სამი დღის წინ ჩვენი ფირმის ადვოკატს ცეზარ ფუტკარაძეს ორ ეჭვმიტანილთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს და მას შეურაცხყოფა მიაყენეს”, _ განუცხადა “სივილ ჯორჯიას” ეკა ბესელიამ.

საზოგადოებრივი ორაგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის გვანცა ლიპარტელიანის თქმით, მათ აქციის ჩასატარებლად ვაკე-საბურთალოს პოლიციის მიმდებარე ტერიტორია იმიტომ შეარჩიეს, რომ თბილისში აქ ყველაზე უფრო ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა.

ანალოგიური აქციები იმავე ლოზუნგებით დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც შედგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button