ახალი ამბები

რუსეთი თბილისს ჩეჩნების ექსტრადიციის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

(თბილისი, 26 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო განგებ აჭიანურებს ჩეჩნების რუსეთისთვის გაცემას.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლო განიხილავს ქართველი მესაზღვრების მიერ აგვისტოში დაკავებული სამი ჩეჩენის სარჩელს, რომლებიც პროკურატურის მიერ მათი რუსეთში ექსტრადიციის სესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

“საქართველოს ხელისუფლება აშკარად ცდილობს მათი გადმოცემის გაჭიანურებას, მიმართავს რა სხვადასხვა იურიდიულ ხერხებს, როცა ერთი სასამართლო ინსტანციიდან მეორეში გადააქვს საქმე. საქართველოს ხელისუფლების ასეთი პოზიცია არ წაადგება ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზაციას”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ეს სამი ჩეჩენი სხვა 10 შეიარაღებულ პირთან ერთად 2002 წლის აგვისტოს დასაწყისში დააკავეს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს.

რუსეთის კატეგორიული მოთხოვნების შემდეგ ქართულმა მხარემ რუსეთში 13-დან 5 ჩეჩენის ექსტრადიცია მოახდინა. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, დაკავებულს მისი ექსტრადიციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button