ახალი ამბები

თბილისში ჩატარებულ ოპერაციას მკაცრად აკრიტიკებენ

(თბილისი, 9 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოხატავენ 6-7 დეკემბრის ღამეს თბილისში სამართალდამცველების მიერ განხორციელებული ოპერაციასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც მოხდა ე.წ. “საეჭვო” პიროვნებების მასიური დაკავება. მათ შორის ძირითადად თბილისში მაცხოვრებელი ჩეჩენი ეროვნების ადამიანები მოხვდნენ.
 
“მე უკვე თხოვნით მივმართე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვვისა და იურიდილ საკითხთა კომიტეტებს, რათა მათ მომხდართან დაკავშირებით სხდომა მოიწვიონ და უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენონ,” განაცხადა სახალხო დამცველმა ნანა დევდარიანმა 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ხოლო როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ლიდერმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა, თბილისში ჩატარებულ ოპერაციაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
 
სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინსიტროებმა, რომლებმაც მასიურ რეიდებს ანტიკრიმინალური ოპერაცია უწოდეს, მომხდარი დედაქალაქში შექმნილი საგანგაშო კრიმინოგენული ვითარებით ახსნეს. ხოლო პრეზიდენტმა შევარდნაძემ, რომელმაც სამართალდამცველების ქმედება დადებითად შეაფასა განაცხადა, რომ თბილისის ოპერაცია მოსალოდნელი ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.

შევარდნაძის თქმით, ჩეჩნები ამ მოქმედებებს გაგებით უნდა მოეკიდონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button