ახალი ამბები

რუსეთში ვარაუდობენ, რომ ტერორისტების პანკისიდან კოდორში გადავლენ

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 6 სექტემბერი, 2002) – როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს პრესმდივანმა ალექსეი იაკოვენკომ ტელეკომპანია ორტ-სთან საუბრისას განაცხადა, პანკისის ხეობაში მიმდინარე ქართული ოპერაცია უშედეგო ჩანს.

“ეს (ოპერაციის უშედეგობა) თავიდანვე მოსალოდნელი იყო, ვინაიდან საერთაშორისო ტერორისტთა უმრავლესობა პანკისის ხეობიდან გადის”, განაცხადა იაკოვენკომ. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ტერორისტთა ნაწილი კოდორის ხეობაში გადადის, ასე რომ აფხაზეთში ვითარების გამწვავება არის მოსალოდნელი.

“არის იმის საშიშროება, რომ პანკისის ხეობაში მყოფმა ტერორისტებმა ტერორისტული აქტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაიდინონ”, აღნიშნა მან.

იაკოვენკომ იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე რუსეთს უზრუნველყოფს ინფორმაციით იმის შესახებ, თუ რა ზომების მიღებას აპირებს საქართველო ტერორიზმის დასამარცხებლად.

“უნდა მოხდეს საქართველოში მყოფი ტერორისტების განიარაღება, დაკავება და რუსეთისთვის გადაცება”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ქართველმა სამართალდამცველებმა პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელება 23 აგვისტოს დაიწყეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ამ დროისთვის უკვე დაკავებულია 5 დამნაშავე, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button