
პანკისში არაბი დააკავეს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 30 აგვისტო, 2002) – უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა პანკისის ხეობაში დააკავეს არაბი, რომელსაც საფრანგეთის მოქალაქის პასპორტი აღმოუჩინეს. როგორც უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა აცნობა “სივილ ჯორჯიას” 30 აგვისტოს, დაკავებულის პასპორტი შეიძლება ყალბი იყოს და ახლა მიმდინარეობს შემოწმება.
ლალიაშვილის თქმით, დაკავებულს სამოქალაქო ტანსაცმლის ქვემოთ სამხედრო ფორმა ეცვა, ასევე თან ჰქონდა “ყურანი”.
“ეს ადამიანი შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან”,- განაცხადა 29 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ.
ეს პირველი ეჭვმიტანილია, რომელიც პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური ოპერაციის მსვლელობისას უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს. ოპერაცია პანკისში 25 აგვისტოს დაიწყო და მასში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მონაწილეობენ.