ახალი ამბები

ბაუჩერის მორიგი განცხადება პანკისთან დაკავშირებით

(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 აგვისტო, 2002) – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რიჩარდ ბაუჩერმა მორიგი განცხადება გააკეთა პანკისთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც პანკისის პრობლემის გადაწყვეტა საქართველოს მთავრობის საქმეა. განცხადება გამოქვეყნებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე.

ამასთან, ბაუჩერმა კვლავ მოუწოდა მოსკოვს “დიალოგი გამართოს თბილისთან, ითანამშრომლოს თბილისთან და ერთობლივად იბრძოლოს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ”.

“ჩვენ მივესალმებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა საქართველოს ხელისუფლების განზრახვის ჭეშმარიტება ტერორიზმთან ბრძოლის თაობაზე”, – აღნიშნა ბაუჩერმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ ნანობს, 23 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვით რუსეთმა რომ საქართველოს სუვერენიტეტი დაარღვია.

ბაუჩერის თქმით, აშშ-მა თავისი შეშფოთება ამის გამო ოფიციალური დიპლომატიური არხებით გამოუხატა რუსეთს.

Back to top button