
ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად პირველი ეჭვმიტანილი დააკავეს
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 29 აგვისტო, 2002) – 28 აგვისტოს ქართველმა სამართალდამცველებმა პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური დაწყების შემდეგ პირველი ეჩვმიტანილი დააკავეს. ქართველი სამართალდამცველები დაკავებულის გვარს ჯერჯერობით არ ამხელენ.
ხეობაში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის თქმით, დაკავებული რამდენიმე მკვლელობის ჩადენაში არის ეჭვმიტანილი. იგი 2 წელიწადი პანკისის ხეობაში იმალებოდა.
კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ხეობაში ამჟამად ორი გატაცებული იმყოფება. ჟურნალისტების შეკითხვაზე, ხომ არ არის გატაცებული ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ პანკისის ხეობაში, ნარჩემაშვილმა უპასუხა, რომ გამორიცხული არაფერი არ არის.
შინაგანი ჯარების დამატებითი ნაწილები პანკისის ხეობაში 25 აგვისტოს შევიდა ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩასატარებლად.