
სოხუმის ხელისუფლებამ სირიის მოქალაქეები დააჯილდოვა
(თბილისი, “სივილ ჯორჯია”, 27 აგვისტო, 2002) – სირიაში ვიზიტით მყოფმა აფხაზურმა დელეგაციამ სოხუმის ხელისუფლების ვიცე-პრემიერის ვლადიმირ ზანთარიას მეთაურობით “ლეონის” ორდენებითა და მედლებით “მამაცობისთვის” დააჯილდოვა სირიის რვა მოქალაქე.
“აფსნიპრესის” ცნობით, არძინბას განკარგულებით, სირიის მოქალაქეებს ჯილდოები გადაეცათ “1992-93 წლებში აფხაზი ხალხის სამამულო ომში გამოჩენილი სიმამაცისა და გმირობისთვის”.
ჯილდოების გადაცემა მოხდა სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სირიის ჩერქეზული საზოგადოების შეხვედრაზე. შეხვედრა მიჰყავდა სირის პარლამენტის დეპუტატს შარაფ ამარშანს.
სოხუმის დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი ვლადიმირ ზანთარია, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარე გივი დუპუა. წინა დღით დელეგაციამ შეხვედრები გამართა აფხაზურ დიასპორასთან თურქეთში.